საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება ხელმოწერამდე ამოქმედდება

ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და სრულად ძალაში შესვლამდე, მისი დროებითი ამოქმედების წინადადებით მიმართა.
ცნობას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყებს ცნობით, "საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივ მიზანს წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოში. ევროკავშირის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერისთვის აუცილებელია ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ხელმოწერისა და შეთანხმების დროებითი ამოქმედების თაობაზე. ევროკომისიის წინადადების მიხედვით, შეთანხმების სრულად ძალაში შესვლამდე ამოქმედდება შეთანხმების უდიდესი ნაწილი. დროებითი გამოყენება შეეხება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის მუხლებს, ასევე, დარგობრივი თანამშრომლობის თავების უმრავლესობას და შეთანხმების რამდენიმე სხვა მუხლს".

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დროებით ამოქმედებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირებს. "თუ საქმე არ არის გაკეთებული და თუ არ არის დამთავრებული ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რაც არ უნდა დიდი სურვილი იყოს პროცესის დაჩქარების, ვერ გამოვა, თუკი შესაბამისი ინსტრუმენტები, შესაბამისი გარემო არ არის შექმნილი. ჩვენ ყველა ვალდებულება, რომელიც გვეკისრებოდა ასოცირების ხელშეკრულების მომზადებისთვის, შესრულებული გვაქვს. შესაბამისად, რა საკვირველია, მივესალმებით იმას, რომ ევროკავშირი მზად არის ხელშეკრულება აამოქმედოს დროებით", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭო ზონის ნაწილი, გარდა ამისა, სექტორული თანამშრომლობის ბევრი მუხლი ამოქმედდება უფრო ადრე, ვიდრე ეს იყო განსაზღვრული.

კომენტარები