როლანდ ახალაიას საქმე

საპატრიარქო: ახალაია რეზიდენციის ასაშენებლად მზად იყო, თუმცა ის არ აშენებულა

news.ge

საქართველოს საპატრიარქო უმცირესობის  დეპუტატ როლანდ ახალაიას გუშინდელ განცხადებას პასუხობს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიამ ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი სახლის აშენების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა.

„ამა წლის 14 მარტს ბატონ როლანდ ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად გვინდა განვმარტოთ, რომ საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა; (და დღემდე არ გააჩნია). ამიტომაც 2009 წელს ქალაქ ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა, ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე-ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ. 

თუმცა ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა“,-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, როგორც გუშინ  როლანდ ახალაიამ განაცხადა, მისთვის ბრალის წაყენების მცდელობა პროვოკაციაა.  დეპუტატმა  რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა,რომ  არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც არის ფარცხალაძის განუყოფელი მეგობარი. სინამდვილეში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს თანხა დევს იქ - საპატრიარქოსთვის განკუთვნილი. განმუხურში უნდა გაშენებულიყო მეგრული ოდა პატრიარქის დასასვენებლად. მიწა მოვნიშნეთ მე და ზუგდიდის მეუფემ, ჩასულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მიწის გამოყოფაც ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ამაზე თუ არის ბრალდებაში საუბარი, მე ჯერ არ მინახავს", - განაცხადა ახალაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს". 

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

 

კომენტარები