რუსული ოკუპაცია

პუტინმა ყირიმის ანექსია ოფიციალურად გააფორმა

0 კომენტარი
ვლადიმირ პუტინი ფოტო: Time

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ყირიმის პრორუსულ ხელსუფლებასა და ქალაქ სევასტოპოლის მერიასთან რუსეთის შემადგენლობაში ფედერალური სუბიექტების სტატუსით ამ რეგიონების  მიღების შესახებ. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ხელშეკრულებები რატიფიცირებისთვის ფედერაციის საბჭოს წარუდგინა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა. პუტინის განცხადებით, ყირიმი რუსეთის ისტორიული ტერიტორიაა, რომელიც უკრაინის შემადგენლობაში უსამართლოდ მოექცა. პუტინის განცხადებით, უკრაინაში სათავეში არალეგიტიმური ხელსუფლება მოვიდა და ამის გამო ქვეყნის რუსულენოვან მოსახლეობას საფრთხე ემუქრება. რუსეთის ლიდერმა დასავლეთის პოზიცია გააკრიტიკა და მსოფლიოს მოუწოდა საერთაშორისო არენაზე რუსეთის როლი აღიაროს.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები, აშშ-ის მეთაურობით, ამჯობინებენ საერთაშორისო პოლიტიკაში ძლიერის უფლებით ისარგებლონ და საკუთარი გამორჩეულობა დაიჯერეს, ფიქრობენ, რომ მართლები მხოლოდ ისინი შეიძლება იყვნენ. იყენებენ ძალას დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და ყოფილი იუგოსლავიის, ერაყისა და ლიბიის მაგალითები, ასევე „მართვადი ფერადი რევოლუციების მთელი წყება“ მოიყვანა.  

პუტინის განცხადებით, რუსეთი NATO-სთან ურთიერთობის მომხრეა, მაგრამ წინააღმდეგია, „ამ ორგანიზაციამ ჩვენს კართან, ჩვენს ისტორიულ მიწებზე იბატონოს“.

„ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებლებმა რუსეთს თხოვნით მიმართეს, მათი უფლებები და სიცოცხლე დაგვეცვა. ჩვენ არ შეგვეძლო მათ თხოვნაზე არ გვეპასუხა, გაჭირვებაში დაგვეტოვებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ღალატი იქნებოდა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.   

პუტინის განცხადებით, გადაწყვეტილება ყირიმისა და სევასტოპოლის შემოერთების შესახებ რუსეთმა რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მიიღო, რომელიც, მისი თქმით, ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა და ხალხის ნებას ასახავს.

პუტინის განცხადებით, დასავლეთი წლების განმავლობაში რუსეთის შევიწროების პოლიტიკას აწარმოებდა, რასაც ბოლო უნდა მოეღოს. 

"ყველაფერს აქვს საზღვარი, უკრაინის შემთხვევაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზღვარს გადავიდნენ. ისინი უხეშად, უპასუხისმგებლოდ, და არაპროფესიულად მოქმედებდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინაში და ყირიმშიც მილიონობით რუსი ცხოვრობს. რამდენად უნდა დაკარგო პოლიტიკური ალღო და ზომიერების გრძნობა, რომ შენი მოქმედებების შედგები ვერ განსაზღვრო? რუსეთი აღმოჩნდა იმ ზღვარზე, საიდანაც უკან ვეღარ დაიხევდა",  - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები