აგრუნის საქმე

მთავარ პროკურატურაში კახა ბენდუქიძის დაკითხვა დასრულდა

მთავარ პროკურატურაში15 კითხვას ვუპასუხე. ამას, ფაქტობრივად, 11 საათი და 30 წუთი დასჭირდა, - თქვა მთავარი პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ აგრარული უნივერსიტეტისა და ცოდნის ფონდის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ.

 "ამ კითხვებზე პასუხი აქამდეც მქონდა, ახლაც მაქვს  და მომავალშიც მექნება. კითხვები ეხებოდა იმას, რაც გაკეთდა. ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, შემსრულებლები ძალიან კორექტულები და კონსტრუქციულები იყვნენ. კიდევ რაღაცას მოვუყვებოდი, მაგრამ დრო არ გვეყო," - აღნიშნავს ბენდუქიძე.

ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, გამომძიებელს პრივატიზაციის საკითხი და ცონდის ფონდის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია აინტერესებდა. როგორც ოთარ კახიძე ამბობს, დაკითხვასა და შესაძლო დანაშაულს შორის კავშირი თეორიულადაც გამორიცხულია.

"ვფიქრობ, რომ გამომძიებლები თავადაც დარწმუნდნენ, რომ აგრარულ უნივერსიტეტში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციები განხორციელდა. სამწუხაროა, რომ მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმეზე იმ ადამიანს იბარებენ, რომელმაც ინვესტიცია განახორციელა. ამ საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს. ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება, თეორიულად არსებობდეს, პასუხი გაეცა," - დასძენს კახიძე. 

კომენტარები