საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კომენტარები, შეფასება და დამოკიდებულება მისთვის მნიშვნელოვანია.
"ვაფასებ ბიძინას, მაღალი შეფასება მაქვს მასზე, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მისი დამოკიდებულება, რომ მაკრიტიკებს, ჩემთვის სასიამოვნო არ არის მაინცდამაინც. ამასთან ერთად, ბიძინამ ისაუბრა, რომ ვერ შევთანხმდით რაღაც საკითხებზე, იყო ინტენსიური მსჯელობები... თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რასაც ვსაუბრობდით, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას მე არ ვაპირებ ერთი მიზეზით - ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები, არა ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები მედიის მეშვეობით, რომლის განხილვასაც მე არ ვაპირებ საჯაროდ. ჩემთვის მტკივნეულია მისი შეფასებები და შენიშვნები", - თქვა მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე და ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის არგუმენტი დაასახელა.
"იმ პირობებში, რომელშიც დაvიწყეთ მუშაობა, და იმ გეგმებში, რომელშიც ამ მიმართულებით იყო დალაგებული, გარკვეული კორექტირება შევიდა. ჩემი სურვილი იყო, აქ ყოფილიყო უნივერსიტეტი და ეს პროექტი ვერ დაიძრა ჯერჯერობოთ. ჩემი სურვილი იყო, რომ ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა მუშაობა. შესაბამისად, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ბიძინას დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ან ჩვენი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით, რჩება ჩვენი ურთიერთობის ნაწილად, რის განხილვასაც არ ვაპირებ. ვმუშაობ აქ. ეს ყველაზე ინტენსიური მუშა რეჟიმია, როდესაც ველაპარაკები 30 ჟურნალისტს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა პოლიტიკის დროში ისაუბრა. მისი თქმით, მარგველაშვილთან არაფორმალური ურთიერთობა აღარ აქვს.
ჟურნალისტის კითხვაზე - როგორ აფასებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ივანიშვილმა უპასუხა, რომ "ველოდი უკეთესს, არ დავმალავ. პირველი ორი თვე მქონდა საკმაოდ ბევრი პოლემიკა უკვე არჩეულ პრეზიდენტთან".
ამასთან, ივანიშვილს არ მოსწონს, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის გამოყენება დაიწყო. ყოფილი პრემიერის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე იყო სასახლეში შესვლის.
ცნობისთვის, თავდაპირველად, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არ გამოიყენებდა ავლაბრის რეზიდენციას, მაგრამ გასულ კვირას იქ რამდენიმე შეხვედრა გამართა. მარგველაშვილის თქმით, მთავრობის კანცელარიაში ამგვარი ცერემონიებისთვის შესაფერისი სივრცე არ არის.





