სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ამკაცრებს

reuters.com

პრეზიდენტმა ობამამ 2014 წლის 6 და 17 მარტის საგანგებო განკარგულებებით უკვე დააწესა სანქციები რუსი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ასევე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რამენაირად ასოცირდებოდნენ ყირიმის ანექსიის მცდელობასთან და ფინანსურ დახმარებას უწევდნენ რუსეთის მთავრობას. 

სანქცირებულთა სიაში, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, გარდა რუსი სახელმწიფო მოხელეებისა, ასევე არიან: 

  • ანდრეი ფურსენკო - რუსი მეცნიერი და ბიზნესმენი
  • ვლადიმერ კოჰზინი - რუსი ბიზნესმენი, რომელიც მოიაზრება, როგორც მოსკოვის მომავალი მერი 
  • იური კოვალჩუკი - ბანკ როსიას მმართველი, რომელიც მოიხსენიება როგორც "პუტინის პერსონალური ბანკირი" 
  • არკადი და ბორის როტენბერგები - ბიზნესმენები. ძმები, რომლებიც იყვნენ პუტინის სპარინგპარტნიორები ძიუდოში და დღემდე ახლო მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ რუსეთის პრეზიდენტთან. არკადი როტენბერგი 375-ე ადგილზეა ფორბსის მილიარდერთა სიაში 4 მილიარდის ღირებულების ქონებით 
  • გენადი ტიმჩენკო - კერძო საინვესტიციო ჯგუფის, ვოლგა ჯგუფის, დამფუძნებელი. ვოლგა ჯგუფი ახორციელებს ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ტნრანსპორტსა და ინფრაქსტრუქტურულ პროექტებში 
  • ვლადიმირ იაკუნინი - რუსეთის რკინიგზის პრეზიდენტი

ფინანსთა სამინისტრომ გაყინა ბანკ როსიას ქონება. ბანკის სათაო ოფისი სანკტ-პეტერბურგშია და მისი ქონება 10 მილიარდ დოლარამდეა. ბანკი ცნობილია, როგორც რუსეთის სახელმწიფო მოხელეების რჩეული ბანკი.

განკარგულების მიხედვით ქონებრივი სანქციები ასევე გავრცელდება ინდივიდებზე, რომლებიც ჩრთულები არიან შეარაღებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში რუსეთში, რაიმე სახის დახმარებას უწევენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს ან ასოცირდებიან ხალხთან, რომელნიც არიან სანქცირებულთა სიაში. სანქციები ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში არსებული ქონების და საბანკო ანგარიშების გაყინვას. არ იქნება შესაძლებელი ამ ქონების არანაირი სახით გამოყენება, გადაცემა ან გაყიდვა. 

ამავე განკარგულებით, პრეზიდენტი ობამა, ფინანსთა სამინისტროს ავტორიზაციას აძლევს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით დამატებითი სანქციები დააწესოს პიროვნებებზე, თუ ჩათვლის, რომ ეს ინდივიდი ასოცირებულია რუსეთის მთავრობის წარმომადგენელთან, ან ადამიანთან, რომელიც რამენაირად ეხმარება რუსეთის მთავრობის წარმომადგენელს და ასოცირდება ყირიმში არსებული კრიზისული სიტუაციის შექმნასთან. 

20 მარტს, საქართველოს დროით 19:30 საათზე, ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ გარდა უკვე არსებული სანცქციებისა ოფიციალური რუსეთის წინააღმდეგ, განხორციელდება დამატებითი სანქციები რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორებზე. ვაშინგტონ პოსტის პოლიტიკური მიმომხილველი, ჯექსონ დილი, საკუთარი თვითერის გვერდზე ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დარგობრივი სანქციები გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას გააგრძელებს. 

ობამამ აღნიშნა, რომ  ამჯერად ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები გავლენას მოახდენდა არა მარტო რუსულ, არამედ გლობალურ ეკონომიკურ სურათზეც. ამასთანავე დაამატა რომ მნიშვნელოვანია, რუსეთმა გაითავისოს, ქვეყანას არ შეუძლიათ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შელახვა, მარტო იმიტომ რომ ერთი მეორეზე უფრო დიდი ან ძლიერია.

ამერიკის პრეზიდენტი შემდეგ კვირას ევროპაში იქნება ოფიციალური ვიზიტით, სადაც შეხვდება ახლა უკვე G7-ის (ყოფილი G8, საიდანაც რუსეთი სანქციის სახით გარიცხეს)  წევრებს და განიხილავს უკრაინაში არსებულ კრიზისულ სიტუაციას.

ობამა მოუწოდებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს თანადგომა გამოუცხადოს უკრაინას მიმდინარე რეფორმირების პროცესში.

12 მარტს გამართულ საგანგებო ეკონომიკურ სამიტზე, კიევში, რომელსაც IMF-ის წარმომადგენელიც ესწრებოდა, უკრაინის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა უკვე დაადასტურეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომავალი თანამშრომლობის გეგმები უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

CNN-ის ჟურნალისტი, ვოლფ ბლიცერი, სატელევიზიო ეთერში ვარაუდს გამოთქვამს, რომ საკვანძო სექტორებში შესაძლოა ბუნებრივი გაზი და ნავთობპროდუქტები იგულისხმებოდეს.

კომენტარები