საქართველოს ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა

რეალური მშპ-ს წლიური ზრდა, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი

21 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  საკუთარ ვებგვერდზე კვარტალური ანგარიში, ინფლაციის მიმოხილვა, გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია რომ 2013 წელს, წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 3.2% შეადგინა, ინფლაციის მაჩვენებელი კი 2013 წლის მეოთხე კვარტალში 2,4% იყო. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლის მეოთხე კვარტალში სამომხმარებლო ფასებმა 2.4%-ით იმატა, რაც ჩამორჩება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს, 6%-ს.

მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლის განსაზღვრა დაკავშირებულია კომპლექსურ ანალიზთან და საბოლოო რეკომენდაცია კეთდება იმაზე დაყრდნობით, თუ რას მიიჩმნევს არსებული გარემოებების ანალიზის შედეგად ეროვნული ბანკი სამომხმარებლო ფასების ზრდის ჯანსაღ მაჩვენებლად. ანუ, ეროვნული ბანკის შეფასებით, ფასების ზრდა არასაკმარისად სწრაფი იყო წინა წელს, თუმცა ეკონომიკური აქტივობის გაზრდასთან ერთდ 2014 წელს, ეროვნული ბანკი ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდასაც ელოდება.

გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით შენელებულ ეკონომიკურ ზრდას ეროვნული ბანკი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების შემცირებით ხსნის. ინფლაციის მიმოხილვაში ასევე ნათქვამია, რომ ზრდის შენელება სექტორული არ ყოფილა და ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორზე თანაბრად იყო გადანაწილებული.

მოიხედავად 2013 წელს დაბალი ზრდის მაჩვენებლისა, ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან 2014 წელს უფრო პოზიტიური ბიზნესგარემო იქნება, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ პროგნოზირებული ზრდა 2014 წლისთვის იქნება 5%, თუმცა ზრდის ტემპი ასევე დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიც არის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და გეოპოლიტიკური რისკები.

გარდა ამისა, ამერიკის შეერთბული შტატების მიერ 2014 წელს ინვესტორებისათვის ხელსაყრელი გამრემოს შექმნა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მონეტარული სტიმული მცირდება და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთები მოიმატებს, ნეგატიურ გავლენას იქონიებს ამერიკელი ინვესტორების მიერ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაკეთებული ინვესტიციების რაოდენობაზე.

საგარეო რისკების დამაბალანსებელ გარემოებებად შეიძლება ჩაითვალოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლის პერსპექტივა, რამაც უნდა გაზარდოს საქართველოს, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის, მიმზიდველობა.

კომენტარები