არჩევნები ოპერაში

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელს მეორე ტური გამოავლენს

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა.

პირველ ტურში, რომელიც დღეს გაიმართა, ხმათა საჭირო რაოდენობა (50%+1) ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. მეორე ტურში მონაწილეობას ორი კანდიდატი - დავით კინწურაშვილი (131 ხმა) და მზია ნიორაძე (83 ხმა) მიიღებს.

დღევანდელ კენჭისყრაში ოპერისა და ბალეტის თეატრის 315-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

არჩევნებს, თეატრის ადმინისტრაციის თხოვნით, სამართლიანი არჩევნები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა.

მეორე ტური 28 მარტს გაიმართება.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი სამხატვრო ხელმძღვანელს პირველად ირჩევს. თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის ნაწილმა იანვარში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მათ სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომა და ახალი ხელმძღვანელის კოლექტივის მიერ არჩევა მოითხოვეს. მუსიკოსებმა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე რეპეტიციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. პროტესტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. პარალელურად, კულტურის მინისტრთან შეხვედრას მართავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელი და მისი მხარდამჭერები. პროტესტის ბოლო დღეს, ოპერის დასის წარმომადგენლებმა გურამ ოდიშარიას გადაყენების მოთხოვნის დაყენება არ გამორიცხეს. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც 14 იანვარს სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 9 კანდიდატი: გიორგი ბაბუაძე, დავით გველესიანი, თეიმურაზ გუგუშვილი, დავით კინწურაშვილი, რევაზ ლაგვილავა, დავით მუქერია, მზია ნიორაძე, გიორგი ჟორდანია, რევაზ ჭეიშვილი.

კონკურსს საკუთარი ურვილით გამოეთიშა გიორგი ჟორდანია, რომელმაც 22 მარტს მოხსნა თავისი კანდიდატურა. საქართველოში არყოფნის გამო, კონკურსს გიორგი ბაბუაძეც გამოეთიშა.

კომენტარები