საყდრისი

საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი საყდრისში RMG-ს მუშაობას დააკვირდება

0 კომენტარი
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, არქეოლოგებისა და ინჟინერ-გეოლოგებისგან შემდგარი საერთაშორისო დამკვირვებლების დამოუკიდებელი ჯგუფი კომპანია RMG-ის მიერ, საყდრის-ყაჩაღიანში ჩატარებულ სამუშაოებს დააკვირდება. აღნიშნულს ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და შპს RMG Gold-ის კომერციულმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ მოაწერეს.

დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობა.

"მხარეების ურთიერთვალდებულებათა შეთანხმებით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით, შეიქმნება არქეოლოგებისა და ინჟინერ-გეოლოგებისგან შემდგარი საერთაშორისო დამკვირვებლების დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც კომპანია RMG-ის მიერ, საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე წარმოებული მიწის სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს. კომპანია კი, თავის მხრივ, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ხელს შეუწყობს საერთაშორისო მონიტორინგს და მის სრულყოფილ განხორციელებას. იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლინდება ახალი არტეფაქტები, რომლის ღირებულება მეცნიერულად და ლაბორატორიულად დადგინდება, კომპანია უზრუნველყოფს მათ გადატანას შესაბამის სივრცეში. ამას გარდა, კომპანია RMG Gold-ი ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთი წლის განმავლობაში ახალ თანამედროვე ტიპის არქეოლოგიურ მუზეუმს შექმნის და ფინანსურად და ტექნიკურად უზრუნველყოფს ქვემო ქართლის რეგიონის არქეოლოგიური რუკის შედგენას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია RMG Gold-ი მემორანდუმის ფარგლებში, იღებს გრძელვადიან ვალდებულებას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთოდოლოგიური ზედამხედველობით, განახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროექტს - პირიქითა ხევსურეთის, არხოტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა-აღწერა-პასპორტიზაციას და შემდგომ მათ კონსერვაციას-რეაბილიტაციას.

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო არ არის. კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, გერმანულ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება მისცა.

საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია RMG Gold-ის ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი აქციით გააპროტესტა. ისინი ძეგლზე "ვანდალიზმის შეწყვეტას" და ძეგლის სტატუსის აღდგენას მოითხოვდნენ.

მაშინ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით RMG Gold-ს გაფრთხილება მისცა. სააგენტომ კომპანიას მოუწოდა, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეეჩერებინა. ამასთან, მათივე ცნობით, გაფრთხილებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დადგენილი წესით დაეკისრებოდა.

RMG Gold-ი კი აცხადებდა, რომ კომპანია წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდა.

საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები