შალვა თათუხაშვილის საქმე

ადვოკატი ზაქარეიშვილი თათუხაშვილის გვამზე არსებულ დაზიანებებზე საუბრობს

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მთავარი პროკურატურის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ მას არასოდეს უმოქმედია პროფესიული ეთიკის საწინააღმდეგოდ, არ უბრძოლია დაუშვებელი მეთოდებით და არ დაუსახავს მიზნად მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაცია. ზაქარეიშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეტენზიების უსაფუძვლობის დასადასტურებლად, ასაჯაროებს შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრთა განცხადების შინაარსს, რომლითაც ისინი სთხოვენ – აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება.

"განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი პოლიციისა და პროკურატურის ცალკეული თანამდებობის პირების მიერ შალვა თათუხაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. გარდა აღნიშნულისა, მსურს საზოგადოებას ვამცნო, რომ რამდენიმე დღის წინ შალვა თათუხაშვილს შევხვდი მისივე თხოვნით კონსპირაციულ ვითარებაში, რა დროსაც მან დეტალურად მომითხრო მასზე განხორციელებული ენითაუწერელი ზეწოლის შესახებ. მითხრა ისიც, რომ როდესაც მეორედ გაიტაცეს, მიიყვანეს ქ. თბილისის პროკურატურის შენობაში და ვიდეოკამერის წინ უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აიძულეს დაედასტურებინა ფაქტი, თითქოს მან ნებაყოფილობით მისცა გამოძიებას დავით ახალაიას მამხილებელი ჩვენება და მის მიმართ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ჩემთან საუბრისას, შალვა თათუხაშვილი გახლდათ უმძიმეს დეპრესიულ მდგომარეობაში, რამაც ფრიად შემაშფოთა. მე, როგორც შალვა თათუხაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველი, პირადად ვესწრებოდი შალვა თათუხაშვილის გვამზე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას. იძულებული ვარ მოვახდინო ციტირება გვამის გარეგნული დათვალიერების ოქმიდან, სადაც დეტალურადაა აღწერილი შალვა თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ: 

ა) მარცხენა წინა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ფუფხით დაფარული უსწორო ფორმის ნაჭდევი, ზომით 2,5X1 სმ;

ბ) ასეთივე ნაჭდევები აღენიშნება ორივე მუხლის სახსრის წინა ზედაპირებზე, ზომით 2,5X1,2 სმ
და 3X0,8 სმ;

გ) წელის მიდამოებში, ხერხემლის საპროექციო არეში აღენიშნება 1,5X1,2 სმ ზომის ფუფხით
დაფარული დაზიანება;

დ) წელის მიდამოებში, ხერხემლის საპროექციო არეში აღენიშნება უსწორო ფორმის მუქი–
მოიისფრო სისხლჩაქცევა ზომით 2,8X1,4 სმ.

ე) მარჯვენა მტევნის პირველ თითზე აღენიშნება მორუხო–ღია მოყავისფრო ოდნავ წამოწეული
ფუფხი და დაფარული ნაჭდევი ზომით 0,50,3 სმ;

ვ) მარცხენა კოჭ–წვივ სახსრის გარეთა ზედაპირზე, არნიშნება მომრგვალო ფორმის ფუფხით დაფარული ნაჭდევი ზომით 0,3X0,3 სმ.

ვფიქრობ სურათი ნათელია, ხოლო პროკურატურის პრეტენზიები ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მიმართ – უსაფუძვლო" - აცხადებს ადვოკატი.

მთავარი პროკურატურის განცხადებით, მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და უსწრაფესად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. 

ამასთან, პროკურატურა განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ დავით ახალაიას ადვოკატები შალვა თათუხაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით მედიაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი გუშინ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახი და ადვოკატები მომხდარში პროკურატურას ადანაშაულებენ. ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, მოწმე პროკურატურამ არაერთხელ გაიტაცა და ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, დათა ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინა. ადვოკატის თქმით, ამის გამო, თათუხაშვილს ფსიქო-ემოციური სტატუსი გაუმწვავდა და „უმძიმესი დეპრესიის შემდეგ, უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა".

კომენტარები