შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

გიორგი კანდელაკი: ტრიპოლსკის საქციელი ასახავს უმრავლესობის განწყობებს

www.facebook.com/gkandelaki

ევრკავშირ - საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას, ირაკლი ტრიპოლსკიმ  გიორგი კანდელაკის გამოსვლის დროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

გიორგი კანდელაკის თქმით ირაკლი ტრიპოლსკის ქცევა კარგად ასახავს იმ განწყობებს რაც სამთავრობო გუნდს გააჩნია. მისივე თქმით მისი მოსაზრებები ტრიპოლსკისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან შეხვედრა დატოვა. 

"მე ვსაუბრობდი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმაზე და იმის საჭიროებაზე, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ იფიქროს არა წარსულზე, არამედ მომავალზე, რა დროსაც ირაკლი ტრიპოლსკი წამოხტა, დაიწყო ყვირილი, გამოთქვა მიუღებლობა ჩემი მოსაზრებებისა და გავარდა ოთახიდან. ვფიქრობ, ბატონი ტრიპოლსკის საქციელი, რომელიც წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობის ანტიდასავლურ ბირთვს, რომლებიც სინამდვილეში შეადგენენ კიდევ უმრავლესობის უმრავლესობას, არის სიმპტომური და კარგად ასახავს იმ განწყობებს, რაც არის ამ გუნდის უმრავლესობაში, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ის დეპუტატები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდებიან ხოლმე ტელეეკრანებზე", - განაცხადა კანდელაკმა. 

გიორგი კანდელაკის აზრით, შეხვედრაზე დავით ონოფრიშვილის გამოსვლაც არაკვალიფიციური და შეუსაბამო იყო.

"ონოფრიშვილს ყვირილი არ დაუწყია, მაგრამ მისი კომენტარიც იყო ძალიან შეუსაბამო, არაკვალიფიციური, საკმაოდ ემოციური და შურისძიების წყურვილით აღსავსე, რამაც, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტარებზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა, ჩემი აზრით" - აღნიშნა დეპუტატმა. 

ირაკლი ტრიპოლსკის განცხადებით, მისთვის მიუღებელი იყო გიორგი კანდელაკის კომენტარი თვითმმართველობის ორგანოებსა და მედიაზე ზეწოლაზე, რის შემდეგაც მიიღო სხდომის დატოვების გადაწყვეტილება. 

"ავდექი და დავტოვე შეხვედრა. კანდელაკს კითხვა უნდა დაესვა, მაგრამ როგორც იცის ხოლმე, დაიწყო ლაპარაკი თვითმმართველობის ორგანოებში ზეწოლაზე, მედიაზე ზეწოლაზე – ვინმე გრძნობთ ზეწოლას?! შეიძლება ამდენი უტიფრობა?! "ვეღარ ვიტან ამდენ უტიფრობას-მეთქი", – ვთქვი ჩემთვის, ქართულად, ინგლისურად არ მითქვამს. ალბათ, სწორად არ მოვიქეცი, მაგრამ რა ვქნა", - განაცხადა ტრიპოლსკიმ. 

კომენტარები