NATO-საქართველოს ურთიერობა

ღარიბაშვილი: ის რაც ობამამ თქვა, აბსოლუტურად ადეკვატურია

”ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე NATO-ს გაფართოება არ იგეგმება”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს თანმიმდევრული, გააგრძელოს რეფორმები და ევროკავშირისკენ წინსვლა და განვითარება.

”ჩვენ ილუზიებში არ უნდა ვიყოთ. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე NATO-ს გაფართოება არ იგეგმება. ჩვენი ხელისუფლების ამოცანა და მიზანია, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ, ისე როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ხდებოდა მოლოდინის აწევა ხელოვნურად და შემდეგ იმედგაცრუება. ჩვენ მოსახლეობას საპირისპიროს ვთავაზობთ და გვსურს, მათ რეალობა შევთავაზოთ”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, არც საქართველო და არც უკრაინა, ახლა NATO-ს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან. ობამამ ასევე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში NATO-ს გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას არ გეგმავს. 

ობამას განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებმა მას პირად საუბარში უთხრეს, რომ უკრაინის NATO-ს პოტენციური წევრობა, მათი შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზია.

”არც უკრაინა და არც საქართველო ახლა NATO-ს წევრობის გზაზე არ დგანან. ასევე მსურს გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში NATO-ს გაფართოების გეგმა არ არსებობს. მე ვიცი, რომ, სულ მცირე, კულისებში, რუსეთი ღელავდა იმაზე, რომ უკრაინა NATO-ს პოტენციური წევრი ქვეყანა იყო. რუსეთსა და უკრაინას კომპლექსური ურთიერთობა აქვთ და ვფიქრობ, ამის ბრალია, რომ ფორმალურად უკრაინას NATO-სთვის გაწევრიანების სურვილით არასოდეს მოუმართავს. ვფიქრობ, ეს უახლოეს მომავალშიც ასე დარჩება.  

როგორც გუშინ განვაცხადე, NATO-ს წევრ ქვეყნებთან ჩვენ ვალდებულებები გვაკავშირებს, მათ შორის, სამხედრო დახმარებაც. რაც შეეხება არაწევრ ქვეყნებს, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნებს, რაც ეფუძნება ჩვენს რწმენას იმ პრინციპებისა და იდეალებისადმი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ჩათვლით”, - განაცხადა ობამამ. 

კომენტარები