კულტურა

ალან რენე, 91

2014 წლის 1 მარტს, 91 წლის ასაკში დიდი ფრანგი კინორეჟისორის, ალან რენეს გარდაცვალების ცნობამ კინომოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაამწუხრა. დაამწუხრა არა მხოლოდ ბუნებრივი და გასაგები სევდის გამო, დიდი ხელოვანების სიკვდილს რომ ახლავს თან; არც იმის გამო, რომ ვინმე მისგან კვლავ ელოდა კინოენის „გადატრიალებას“ (მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ფილმების გადაღებას, მისი უკანასკნელი ნამუშევრის – „სიყვარული, დალევა და სიმღერა“ – პრემიერა სულ ახლახან შედგა ბერლინის კინოფესტივალზე), არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ რენე იმ დროის და სივრცის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელია, რომელსაც „კინოდრო და კინოსივრცე“ შეგვიძლია ვუწოდოთ.

ესაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის, 50-60-იანი წლების საფრანგეთი, სადაც,  შეიძლება ითქვას, რომ ჰაერიც კი კინოთი იყო გაჟღენთილი. აღსანიშნავია, რომ ალან რენე არ ყოფილა „ახალი ტალღელი“, ყოველ შემთხვევაში, ის ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა „კაიე დუ სინემას“ დაჯგუფებას. მიუხედავად ამისა, მას, იმავე „ახალტალღელებთან“ ერთად, კინოენის აღორძინებასა და ხელახლა აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ „ახალტალღელები“ მთავარ ინსპირაციას ისევ და ისევ კინოში პოულობდნენ, რენესთვის მთავარი შთამაგონებელი ლიტერატურა იყო. თუმცა ეს  ზედაპირული შეხედულებაა, რომელსაც თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს. საკმარისია, თვალი გადავავლოთ მის ჯერ კიდევ 40-იან წლებში გადაღებულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს და ცხადად დავინახავთ – „რენეს სტილს“ საფუძველი მარგარეტ დიურასისა თუ ალან რობ-გრიეს პროზაში ნამდვილად არ უდევს (არა მხოლოდ კინემატოგრაფიულ სტილს, არამედ ზოგადად მსოფლმხედველობას, თემას, სიუჟეტს, რაც საბოლოო ანალიზისას, ერთი და იგივეა – ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა 1956 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი „სამყაროს მთელი მეხსიერება“). ეს ავტორები, რომელთა ნაწარმოებების ეკრანიზაციითაც რენემ ყველა დროის შედევრები შექმნა, მისთვის უბრალო „საბაბია“ – ახალი ტიპის ლიტერატურის შექმნის მცდელობა კარგად მოერგო  ახალი ტიპის კინემატოგრაფის შექმნის მცდელობის იდეას.

ალან რენე კინოში მონტაჟის შესწავლის შემდეგ მივიდა და შემთხვევითი არ არის, რომ მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი სწორედ რიტმულობაა. სიუჟეტური თვალსაზრისითაც რენე, მისი თანამედროვე თანამემამულეებისგან განსხვავებით, ურთულეს  თემებს შეეჭიდა – საკონცენტრაციო ბანაკები, ატომური ბომბი, ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა – თემები, რომლებიც სინამდვილეში ერთი დიდი, აბსტრაქტული და არცთუ ისე ადვილად მოსახელთებელი ნიშნის ქვეშ ერთიანდება: მეხსიერება, თავად მნენომური პროცესი და ადამიანური პერცეფცია.

სწორედ აქედან იბადება რენესთვის დამახასიათებელი არაკონვენციური თხრობის მანერა, სწორედ ამის გამოა, რომ ერთი მხრივ კრიტიკოსებს უჭირთ პარალელების მოძიება (ზოგიერთი მას ხმოვანი კინოს პირველ მოდერნისტს უწოდებდა, ზოგიც კუბისტური პერიოდის პიკასოსა და ბრაკს ახსენებდა, ზოგს „თრეველინგების“ ხშირი გამოყენების გამო ეიზენშტეინი და მისი „ოქტომბერი“ აგონდებოდა, ზოგიერთი  ფორმულასაც კი იგონებდა – „სტრავინსკი + ფოლკნერი“), მეორე მხრივ კი, ტრადიციულ კინონარატივს შეჩვეული პუბლიკა, რენეს ფილმების ყურებისას იძულებულია, დაძაბოს გონება, მთელი არსით ჩაერთოს ფილმში, სცადოს, ერთმანეთში აზელილი სუბიექტური და ობიექტური ერთმანეთისაგან განასხვაოს, რათა რამენაირად მოიხელთოს ფრაგმენტირებულად, არალოგიკურად „მოწოდებული“ სიუჟეტი.

პირველი ფილმი, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, „ღამე და ნისლი“ იყო – 1955 წელს გადაღებული ფილმი ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ, რომელიც დღემდე კინოდოკუმენტალისტიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა, შოკი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. საარქივო მასალებით, შავ-თეთრი ფოტო-ვიდეოარქივითა და უკვე დაცარიელებული ბანაკების ფერადი კადრებით აგებული ფილმი, ცენზურას ბოლომდე მაინც ვერ გადაურჩა. ეს იყო პირველი ნამუშევარი, რომელიც ფაშისტების მიერ ჩადენილ საკაცობრიო დანაშაულზე, ყოველგვარი ემოციებისა და სენტიმენტების გარეშე  ცდილობდა რეფლექსიას. რენე აქაც, გარკვეულწილად, მეხსიერებით შთაბეჭდილებას ეყრდნობოდა – ერთადერთი კომენტარი, რომელიც ფილმს ახლავს თან, ფრანგი მწერლისა და პოეტის, საკონცენტრაციო ბანაკგამოვლილი ჟან კეიროლის მიერაა დაწერილი.

რენეს კამერა არ აღბეჭდავს ობიექტურ სინამდვილეს, მისი ფილმები პერსონაჟთა გონებითა თუ მეხსიერებით ინტერპრეტირებულ რეალობას წარმოგვიდგენს. და თუ პიერ პაოლო პაზოლინის თქმით, ყოველი სიზმარი თუ მოგონება გარკვეულწილად კინოეპიზოდია, თუ კინემატოგრაფიის პირველადი ნიშანი მისი სიზმრისეულობა და ონირიული ბუნებაა, მაშინ რენეს შემთხვევაში საქმე გვაქვს „პოეტურ კინოსთან“. გაუთავებელი, ერთი და იმავე სისწრაფით მოძრავი „თრეველინგები“, მონტაჟური რიტმი, რომელიც მუსიკალური რიტმივით აღიქმება, დროისა და სივრცის განკერძოებითა თუ ურთიერთშერწყმით რენე არა მხოლოდ საკუთარ, უნიკალურ სტილს ქმნის, არამედ ზოგადად კინოენას ახალი მიმართულებით უხსნის გზას. თუმცა არც ერიკ რომერი ცდება, როდესაც აღნიშნავს, რომ ამ გზას „არსაით“ მივყავართ – აღარავინ დასდგომია ამ გზას, ის კი არა, თავად რენემაც მალევე მიატოვა, თუმცა კინოს ისტორიაში მაინც სამუდამოდ დაიკავა ადგილი.

2012 წელს ეკრანებზე გამოვიდა რენეს ფილმი სახელწოდებით „თქვენ ჯერ კიდევ არაფერი გინახავთ“. არც ფორმალური და არც შინაარსობრივი თვალსაზრისით, ეს ფილმი არ ეხმიანება რენეს ადრინდელ ნამუშევრებს, სამაგიეროდ, სათაური გვახსენებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრაზას, რეფრენად რომ გასდევს ფილმს „ჰიროშიმა, ჩემი სიყვარული“ („შენ არაფერი გინახავს... ჰიროშიმაში“). და თუ სადმე არსებობს კინომოყვარული, რომელმაც „რაღაცნაირად“ მოახერხა და გვერდი აუარა ისეთ შედევრებს, როგორიცაა ზემოხსენებული „ჰიროშიმა“, „შარშან მარიენბადში“, „ომი დამთავრდა“, „მიურიელი ანუ დაბრუნების დრო“, ანდაც უფრო გვიანდელი „ჩემი ამერიკელი ბიძა“, თამამად შეგვიძლია მას სწორედ ამ სნობურ-ელიტისტური ფრაზით მივმართოთ (ეს ფრაზა გარკვეულწილად თავად რენეს ელიტიზმით იქნება გამართლებული).

კომენტარები