სოფლის მეურნეობა

პრემიერი: ჩვენ და სასომხეთი თანაბარ პოზიციაზე ვართ

საქართველოს მთავრობა

"ჩვენ და სასომხეთი [სტილი დაცულია]თანაბარ პოზიციაზე ვართ" -  განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, „დანგრეულია სოფლის მეურნეობა და არ არის სფერო, სადაც პრობლემები არ დაგვხვდა". ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის 85% იმპორტირებულია, რაც მისი აზრით, სირცხვილი და კატასტროფის ტოლფასია.

"მოსვლისთანავე დავიწყეთ მთელი რიგი რეფორმების განხორციელება ეკონომიკის სფეროში. ჩვენ სწორი საძირკვლის ჩაყრა დავიწყეთ, როგორც ასე თქვა ერთხელ ბატონმა ბიძინამ. იყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეკონომიკა გაჩერდა. თურმე, წინა ხელისუფლებამ ეკონომიკა გააორმაგა და ჩვენ ყველაფერი გავაჩერეთ. მინდა, კარგად განვმარტო, თუ რა მდგომარეობაში გადმოვიბარეთ ქვეყნის ეკონომიკა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, საქართველოს ეკონომიკის აღწერილობა შემდეგი სახის იყო: 2004 წელს ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ის მაჩვენებლის მიხედვით 116-ე ადგილზე ვიყავით მსოფლიოში, 2012 წელს კი – მხოლოდ 115-ე ადგილზე, ანუ მხოლოდ 1 ადგილით გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ და სასომხეთი თანაბარ პოზიციაზე ვართ. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს. ჩემი მთავარი გამოწვევა ქვეყნის ეკონომიკაა. როგორც უკვე გითხარით, 85% იმპორტირებული საქონელია. არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტი, არამედ თითქმის ყველა საქონელი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს. ადგილზე არავითარი წარმოება აღარ არის, ყველაფერი მოისპო და წლების განმავლობაში სრული დეგრადაცია და განადგურება ხდებოდა, შედეგად განადგურებული სოფელი, გაღატაკებული გლეხი და დანგრეული სოფლის მეურნეობა და ეკონომიკა მივიღეთ“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ციფრებით მანიპულირებენ.

„პრეზიდენტის სასახლე დაახლოებით 600 მლნ ლარი დაჯდა, პარლამენტის ახალი შენობა – 340 მლნ, იუსტიციის სახლი – 160 მლნ, ქუთაისში მთავრობის სახლი – 80 მლნ, ყოფილი პრეზიდენტის საყვარელი ხიდი, რაც მთავარია, – 50 მლნ ლარი. ეს საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიარდ 200 მლნ ლარია. რა თქმა უნდა, როცა ამხელა თანხას ეკონომიკაში ჩაუშვებ, ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება და მაჩვენებლები შესაბამისად, აწეული იქნება, მაგრამ რეალურად, რა სარგებელი მიიღო ზუგდიდის მოსახლეობამ პრეზიდენტის 600 მილიონიანი სასახლის აშენებით? – არავითარი. სარგებელი განკუთვნილი და მიზანმიმართული იყო მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტისა და ვიწრო გუნდისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნა, რომელიც უკვე შევქმენით, შევადგინეთ, ჩავრთეთ უცხოელი კონსულტანტები, მსოფლიო ბანკი იყო ჩართული აქტიურად და შევადგინეთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ჰქვია 20-20 ანუ 2020 წლამდე როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები