ვაიმარის სამკუთხედის განცხადება

ვაიმარის სამკუთხედი რუსეთს მოლაპარაკებებს სთავაზობს

AP

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ლორან ფაბიუსმა და რადოსლავ სიკორსიმ უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყებას უჭერენ მხარს. გარდა აღნიშნული დიალოგისა, ისინი ევროკავშირსა და რუსეთს ერთობლივ მოლაპარაკებებს სთავაზობენ უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან იმ შედეგებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოჰყვება.

”მოლდოვა მალე ისარგებლებს უვიზო რეჟიმით ევროკავშირთან. საქართველოსთან მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ უკვე მიღწეულია. მზად ვართ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგაც განვაგრძოთ მხარდაჭერა და დავეხმაროთ იმპლემენტაციის ფაზაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს უკრაინასა და რუსეთს შორის, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს დეესკალაციისკენ და როგორც მექანიზმს, რომელიც გადაჭრის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს.

გარდა ზემოაღნიშნული დიალოგისა, ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირ-რუსეთის ერთობლივ მოლაპარაკებებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან იმ შედეგებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მოჰყვება”, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში მინისტრები მიესალმებიან ეუთოს სადამკვირვებლო მისიას უკრაინაში. მათი თქმით, მისია ობიექტურ სურათს ასახავს და ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებასა და მშვიდობის ხელშეწყობას. მინისტრები ასევე ამბობენ, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს ამჟამინდელ კურსს, ისინი მხარს დაუჭერენ რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერ ქმედებას ეკონომიკის მიმართულებით.

გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განმარტავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანს.

”აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მხარდამჭერად აღმოსავლეთის ქვეყნებში. მისი მიზანია, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ააშენონ ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფოები და ხელი შეუწყონ ხალხთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეს ასევე რუსეთის ინტერესშიცაა.

მაშასადამე, გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არ არიან მკაცრი არჩევანის წინაშე - დაუახლოვდნენ ევროკავშირს თუ იმუშაონ რუსეთთან. არც აღმოსავლეთ პარტნიორობა და არც ევროკავშირის ორმხრივი ხელშეკრულებები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ”, - წერია ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

მინისტრები ასევე მიიჩნევენ, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთი არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს კი არის უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა.

”ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ რუსეთის აგრესიას”, - წერია ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები