შალვა თათუხაშვილის საქმე

შოთაძე: თბილისის პროკურატურა არ არის ის შენობა, სადაც აწამებენ ხალხს

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, თბილისის პროკურატურა არ არის ის შენობა, სადაც ხალხს აწამებენ. ამასთან, შოთაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის საქმის მასალების ნაწილი საზოგადოების დიდი ინტერესებიდან გამომდინარე გაასაჯაროვა.

"პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ღია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ პასუხი. დღეს ზუსტად ამისთვის ვართ პარლამენტში მოსული. ჩვენ უკვე გავეცით საზოგადოების გარკვეულ კითხვებს პასუხი და დღეს მზად ვართ, პარლამენტარების კითხვებსაც ვუპასუხოთ. თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა გარკვეული აჟიოტაჟი, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული", - განაცხადა შოთაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურაში თითოეული წუთის გადაღება ხდება, შესაბამისი კამერების საშუალებით.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პროკურატურის ოფისებში არ ხდება ხალხის წამება", - აცხადებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი საგანგებო სხდომას მართავს, რომელსაც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ესწრება.

ცნობისთვის, გუშინ მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები გაასაჯაროვა. უწყებაში განაცხადეს, რომ თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ხსენებულ საქმეზე ბოლო პერიოდში უწყების მისამართით ბრალდებული ახალაიების ოჯახის წევრებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან მედიასაშუალებებში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები