შალვა თათუხაშვილის საქმე

არასამთავრობოები: თათუხაშვილის საქმეზე პროკურატურის მხრიდან მიკერძოება ჩანს

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე გაჩენილი ეჭვების, ასევე, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილოს ოჯახის თხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. განცხადებაში, რომელსაც ხელს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აწერს, ნათქვამია, რომ პროკურატურის მხრიდან საქმის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება იკვეთება. 

"გაუგებარია, რა აძლევს საფუძველს მთავარ პროკურატურას სრულიად გამორიცხოს და სრული აბსურდი უწოდოს შ.თათუხაშვილის ადვოკატის და მისი ოჯახის წევრების განცხადებებს გვამზე არსებული დაზიანებების და მათი წარმომავლობის თაობაზე მაშინ როდესაც, როგორც განცხადებაშივეა აღნიშნული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაბამისი დასკვნების გაკეთება დაზიანებების მიყენების ხერხის, ხანდაზმულობისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ შეუძლებელია ექსპერტიზის დასრულებამდე. ძნელია, ობიექტურ გამოძიებას ველოდოთ ორგანოსგან, რომელიც ავრცელებს ამგვარ განცხადებას, სადაც ადვოკატის დისკრედიტაციაზე უფრო მეტი ხაზგასმა კეთდება, ვიდრე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის ზემოაღნიშნული განცხადება პრობლემატურია შალვა თათუხაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის კუთხითაც. გარდა ამისა, არსებობს კითხვები მოცემული საქმის სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, მათ შორის შ.თათუხაშვილის სავარაუდო გატაცების თაობაზე ჩატარებული მოკვლევის შესახებაც, რომელიც მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ განახორციელა და რომელმაც, სავარაუდოდ, მხოლოდ შ.თათუხაშვილის გამოკითხვით დაადგინა გატაცების ფაქტის არარსებობა" - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ 2014 წლის 2 აპრილის განცხადებით მთავარმა პროკურატურამ, საქმის ვითარების გარკვევის ნაცვლად, დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა.

"ამგვარად, გაურკვეველია, რა სამართლებრივი საფუძველი გახდა 17-დან 18 მარტის ღამეს შ.თათუხაშვილის ლილოში მდებარე ღამის ბარში დაკავების და შემდგომ, მისი მთავარ პროკურატურაში გადაყვანის მიზეზი. მთავარი პროკურატურა, ასევე, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, იყო თუ არა 18 მარტს შ.თათუხაშვილი ჯერ კიდევ ჩართული მოწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაში, მაშინ, როცა მისი პროკურატურაში წარდგენის მიზეზად სწორედ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა სახელდება. ასევე, საეჭვოა და ზეწოლაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ღამენათევი, ნასვამი შ.თათუხაშვილი 18 მარტს ჯერ გამომძიებელმა დაკითხა საათნახევრის განმავლობაში – 14:30 სთ-დან 15:50 სთ-მდე, როგორც ეს დაკითხვის ოქმზეა მითითებული, ხოლო შემდგომ – პროკურატურის გენინსპექციამ" - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ შალვა თათუხაშვილის საქმე არ არის პირველი, სადაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები პროკურატურაში მიმდინარე თუ ჩატარებული გამოძიების ეფექტიანობისა და მიუკერძოებლობის კუთხით.

"მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჯეროვნად დაიცვას მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, რაც, სხვა ასპექტებთან ერთად, გულისხმობს გამოძიების მწარმოებელი ორგანოს რეალურ დამოუკიდებელობას და გამოძიებისა და მისი დასკვნების მიმართ საზოგადოებრივი კონტროლის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფას" - აცხადებენ არასამთავრობოები.

ცნობისთვის, დათა ახალაიას საქმის მოწმე შალვა თათუხაშვილი 24 მარტს გარდაიცვალა. მისი ოჯახის და ადვოკატის განცხადებით, თათუხაშვილი ორჯერ გაიტაცეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა და მოახდინეს მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ მიზნით, რომ გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა ახალაიას წინააღმდეგ. თათუხაშვილის ადვოკატმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოსურათები, რომლებზეც აღბეჭდილია შ. თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ასევე, გვამის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რომელშიც იგივე დაზიანებებია აღწერილი. ოჯახისა და ადვოკატის გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტყუილად და უწყების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა. პროკურატურის განცხადებით, შალვა თათუხაშვილს ახალაიების ოჯახის მხრიდან ანგარიშსწორების ეშინოდა და მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა ითხოვა. თუმცა, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ოქმზე, რომელიც პროკურატურამ თათუხაშვილის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, თავად თათუხაშვილის ხელმოწერა არ არის.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები