ბოკერიას დაკითხვა

ბარამიძე: ეს ჰაკიმფაშური შურისძიებაა, რომელიც მხოლოდ ქვეყანას აყენებს ზიანს

timer.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას ”პატარაკაცურ” და ”ჰაკიმფაშურ” შურისძიებად აფასებს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ავტორიტეტს აყენებს ზიანს.

”კომიკური ხდება უკვე ხელისუფლების ქმედება. მართლა სასაცილოა, გიგა ბოკერია დაიბარო რაღაც ფინანსებთან დაკავშირებით. ძალიან კარგად იციან, საქართველოს ეროვნული საბჭო რითი იყო დაკავებული. ჩვენი ამოცანა იყო საქართველოს პოზიციების ლობირება საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ეს ხელისუფლება არ აკეთებს. ეს ძალიან მრავალწახნაგოვანი რთული ამოცანაა და რთული საკეთებელი საქმეა, რომელსაც გიგა შესანიშნავად უძღვებოდა. ეს, უბრალოდ, პატარაკაცური თუ ჰაკიმფაშური შურისძიების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც მხოლოდ საქართველოს ავტორიტეტს აყენებს ზიანს და არა გიგა ბოკერიას ან რომელიმე ჩვენგანს”, - აღნიშნა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. დაკითხვა 15:00 საათზე დაიწყო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

კომენტარები