შალვა თათუხაშვილის საქმე

პროკურატურა: თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობაა

პროკურორი კოკა კაციტაძე
http://pog.gov.ge/

4 აპრილს, 22:00 საათზე, შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგი გამართა.

განცხადებაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ისინი ვალდებულნი არ არიან გამოძიების შუალედურ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროონ, თუმცა საზოგადოებაში ამ საქმისადმი არსებული განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შინაარსი ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

პროკურატურა იმედოვნებს, რომ ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. 

პროკურატურის განცხადებით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობაა განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. ექსპერტიზით დგინდება, რომ თათუხაშვილის გარდაცვალების დრო 2014 წლის 23 მარტის დაახლოებით 23:00 საათია. 

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ნაწილში ჩნდება, რომ ეთილის სპირტის ალკოჰოლის შემცველობა გარდაცვლილის სისხლში 5%-ს შეადგენდა, შოთაძის თქმით 4% ალკოჰოლის შემცველობის შემთხვევაში უკვე დგება ლეტალური შედეგი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შარდში ასევე აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის შემდეგი ნივთიერებები - დიაზეპამი, ნორდაზეპამი და ტემაზეპამი. 

პროკურორმა აღნიშნა ის ფაქტიც, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა ყველა პროცედურის დაცვით. ამასთანავე, ექსპერტიზის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა, რომელსაც ხელს აწერენ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და თათუხაშვილის სიძე, ელიზბარაშვილი. ადვოკატიც და ოჯახის წევრიც ესწრებოდნენ გვამის გაკვეთასა და დათვალიერებას. 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის გვამზე აღმოჩენილი დაზიანებების ხანდაზმულობა თარიღდება 1-2 დღით ადრე სიკვდილამდე და განეკუთვნება მსუბუქი კატეგორიის დაზიანებებს. ასევე აღნიშნულია, რომ არცერთ დაზიანებას არ აქვს კავშირი სიკვდილის დადგომასთან. ამასთანავე, პროკურორმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თათუხაშვილს პროკურატურის თანამშრომლებთან შეხება 18 მარტის შემდეგ არ ჰქონია, მისი გარდაცვალების თარიღი კი 23 მარტია, ამიტომ ის, რომ დაზიანებები მას პროკურატურის თანამშრომლებმა მიაყენეს, სიმართლესთან შეუსაბამოა.  

პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა დეტალები თათუხაშვილისა და ძნელაშვილის სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, 18 მარტიდან გარდაცვალებამდე თათუხაშვილმა რამოდენიმეჯერ დაურეკა გამომძიებელ ძნელაშვილს და ზარების დეტალური ამონაწერით დგინდება, რომ 2014 წლის 19 მარტს 10:33 საათზე  და 23 მარტს, 16:29 საათზე სიგნალი მოდის თელეთის ანძიდან.

მთავარმა პროკურატურამ ასევე დააფიქსირა პოზიცია დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. მათი მონაცემებით, ექსპერტი დასკვნას ადგენს მხოლოდ ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე და გარეგანი დათვალიერების ოქმზე დაყრდნობით, გვამის, სამედიცინო დოკუმენტაციის და ბიოლოგიური მასალის ანაზილისა და გამოკვლევის გარეშე, მაშინ როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტების, გვამის ან ცოცხალი პირის შემოწმების საფუძველზე.

არსებულ სამხილებსა და სამედიცინო ექსპერტიზაზე დაყრდნობით, გამოძიების ამ ეტაპზე პროკურატურა აცხადებს, რომ 18 მარტიდან გარდაცვალებამდე თათუხაშვილი იმყოფებოდა თელეთში და მსუბუქი დაზიანებები, რომელიც გვამს აღენიშნებოდა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე აქვს მიღებული და არ არის კავშირში მოწმის პროკურატურაში ვიზიტთან.

კომენტარები