აქცია განათლების სამინისტროსთან

53-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დირექტორის დაბრუნებას მოითხოვენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 53-ე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქციას მართავენ. ისინი სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მინისტრის ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ. მასწავლებლების განმარტებით, დირექტორის გათავისუფლების მიზეზი სკოლის ბიუჯეტის 64 თეთრით გარღვევა გახდა. ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევები, რომელთა გამოც დირექტორის გათავისუფლება აუცილებელი იყო.

აქციის მონაწილეებთან სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოვიდა და მათ საინციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელსაც მინისტრი სანიკიძე შეხვდება. საინიციატივო ჯგუფში შევლენ მასწავლებელი, მოსწავლე და ადვოკატი.

სამინისტროსთან მარიამ რამინაშვილიც მივიდა, რომელმაც ადვოკატთან ერთად სამინისტროში განცხადება შეიტანა. გათავისუფლებული დირექტორი თავდაპირველად იმ ბრალდების მოხსნას მოითხოვს, რომელიც ბიუჯეტის გარღვევას ეხება.

53-ე სკოლაში ამ დროისთვის სწავლა შეჩერებულია. განათლების სამინისტროსთან კი მშვიდობიანი აქცია კვლავ მიმდინარეობს.

კომენტარები