დასაქმების პროგრამა

ენმ: ქართულმა ოცნებამ დეკემბრიდან, სამუშაოს მხოლოდ 3 984 მაძიებელი აღწერა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილის 100 ქარხნის ტყუილს კიდევ ერთი ტყუილი - დასაქმების პროგრამა - დაემატა". როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, 2013 წლის 2 აგვისტოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის 199-ე დადგენილებას “საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”. ჭიაბერაშვილის თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, “შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში” პროგრამის ამოქმედების დღიდან (2013 წლის 25 დეკემბერი) სამუშაოს 3 984 მაძიებელი დარეგისტრირდა.

"შედარებისათვის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაში დასაქმების აგენტებმა 2 თვის განმავლობაში - 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში - 593,174 სამუშაოს მაძიებელი აღრიცხეს", - აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი 199-ე დადგენილება ფარატინა ფურცელია და მთავრობა არაფერს აკეთებს სამუშაოს მაძიებელთა ჯერ აღრიცხვის, შემდეგ კი დასაქმებისათვის.

"საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან დროებით უნდა დასაქმებულიყო 10-12 ათასი რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი. საქართველოს მთავრობას არათუ ამდენი ადამიანი არ დაუსაქმებია, არც აღურიცხავს. სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასი ადამიანით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2012 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში 527 828 ადამიანი იყო დასაქმებული, 2013 წლის მეოთხე კვარტალში ეს რიცხვი 519 035 ერთეულამდე დავიდა. თუმცა სამუშაოს მაძიებელთა ხელახალი აღრიცხვა საჭიროც არ იყო, რადგან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ მილიარდერი ივანიშვილის მთავრობას სამუშაოს მაძიებელთა საკმაოდ დიდი ბაზა დაუტოვა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განახლებას საჭიროებდა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ 2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი სამუშაოს მაძიებელთა ბაზის შექმნისათვის ბრალდებულად ცნო და სახელმწიფო თანხების გაფლანგვისათვის პატიმრობა მიუსაჯა.

"დროა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას საქართველოს მთავრობის 199-ე დადგენილების მიმდინარეობის შესახებ და ახსნას “საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოში შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში გაწეული ხარჯების მიზნობრიობა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

კომენტარები