53-ე სკოლა

სანიკიძე #53-ე სკოლის დირექტორის გათავისუფლებაზე დასკვნის გაუქმებას არ აპირებს

განათლების სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის #53-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პედაგოგების მოთხოვნა მიუთითებს იმაზე, რომ არ არიან ჩახედული იმ დეტალებში, რაც შესყიდვებს, ფინანსებსა და ბუღალტერიას ეხება.

"მოთხოვნა იყო, რომ გაგვეუქმებინა დასკვნა, რომელიც გამყარებულია შესაბამისი ფინანსური თუ შესყიდვების დოკუმენტაციით და რომლის გაუქმების დისკრეცია მე არ მაქვს და არც ვაპირებ, ეს დასკვნა გავაუქმო. დასკვნის გაუქმების ერთადერთი საშუალებაა სასამართლო. მათ შეუძლიათ და რამდენადაც ვიცი, სურვილიც აქვთ, რომ ეს დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრონ", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

თამარ სანიკიძის თქმით, გენინსპექციის დასკვნა არის იმდენად კვალიფიციური, რომ მასში აღინიშნება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და აქედან გამომდინარე, ეს დასკვნა პროკურატურაში გადაიგზავნა.

"შენიშვნები, რაც გენინსპექციას ჰქონდა, სერიოზულია. ეს ეხება აუქციონის გამოცხადების წესების დარღვევას, საიჯარო ხელშეკრულების მართვის დარღვეულ პროცედურებს, ფინანსურ დარღვევებს და რამდენიმე გადაცდომას ადმინისტრაციული კუთხითაც. შესაბამისად, დასკვნა არის იმდენად კვალიფიციური, რომ მასში აღინიშნება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. აქედან გამომდინარე, გადაიგზავნა პროკურატურაში", - თქვა განათლების მინისტრმა. მისივე თქმით, სკოლაში შიდა აუდიტი ერთ-ერთი მოქალაქის საჩივრის საფუძველზე შევიდა.

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 53-ე სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მშობლები აქცია გამართეს. ისინი სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები მინისტრის ბრძანების გაუქმებას მოითხოვდნენ. მასწავლებლების განმარტებით, დირექტორის გათავისუფლების მიზეზი სკოლის ბიუჯეტის 64 თეთრით გარღვევა გახდა. 

კომენტარები