ჩვენ ვირჩევთ ევროპას

ურუშაძე: თუ კუკავამ გადათქვა და მხარს უჭერს დასავლურ ინტეგრაციას, რატომაც არა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლის ერეკლე ურუშაძის განცხადებით, აქცია-კონცერტის "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" მიღწევა იქნება, თუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე არ ემხრობოდნენ ევროპაში ინტეგრაციას, ახლა მხარს დაუჭერენ. როგორც ურუშაძემ ტაბულასთან საუბარში თქვა, "მე ბატონი კუკავას ნაცვლად ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ კი, კახა კუკავამ გადათქვა და შეცვალა თავისი მოსაზრებები, ის ვთქვათ, მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, რატომაც არა".

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თავისუფალი საქართველოს ლიდერმა თავად გამოთქვა სურვილი ვიდეომიმართვის გავრცელების და არ იქნებოდა სწორი, თუ კახა კუკავას ამაზე უარს ეტყოდნენ.

"რადგანაც გადაწყდა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი ყოფილიყო ამ ვიდეოებში და ხაზს ვუსვამ იმას, რომ პოლიტიკოსების მონაწილეობით ვიდეოები ინტერნეტში განთავსდება და პოლიტიკოსები არ გამოვლენ უშუალოდ აქციაზე. რადგანაც სხვა პოლიტიკოსები გამოდიოდნენ სიტყვით, გადავწყვიტეთ, რომ არ იქნებოდა სწორი თუ კი ბატონ კუკავას უარს ვეტყოდით ანალოგიური ვიდეოს ჩაწერაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს პოლიტიკოსის წარსულის შეფასება. მე ბატონი კუკავას ნაცვლად ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ კი კუკავამ გადათქვა და შეცვალა თავისი მოსაზრებები, ის ვთქვათ, მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, რატომაც არა. ვფიქრობთ, რომ ეს მიღწევა იქნება ამ აქციის, თუ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე მხარს არ უჭერდნენ ინტეგრაციას, ახლა ემხრობიან" - თქვა ურუშაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქცია-კონცერტს "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავაც უერთდება. კუკავამ ტაბულასთან საუბარში დაადასტურა, რომ აქციის ფარგლებში, არასამთავრობოები ევროპის მხარდამჭერ მის ვიდეომიმართვას ნამდვილად გაავრცელებენ. კუკავა, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და წინასაარჩევნოდ მისი პარტიის სლოგანი იყო - არა NATO-ს, ამბობს, რომ ის ევროპული ორიენტაციისაა. თავისუფალი საქართველოს ლიდერი აღნიშნავს, რომ ევროპული ორიენტაცია არ ნიშნავს NATO-ში გაწევრიანებას. 

"ვიდეორგოლს რომ ნახავთ, არ გაგიჩნდებათ კითხვები", - ამბობს კუკავა, რომლის პარტიაც ამომრჩეველს "უცხოელების მიერ მიტაცებული ტყეების და საძოვრების ნაციონალიზაციას", "ქართული პროდუქციას რუსულ ბაზარზე დაბრუნებას და თურქეთიდან და ჩინეთიდან იმპორტის შემცირებას", "ინგლისურ წარწერების და თურქული დროშების ქართულით შეცვლას", "ჰომოსექსუალიზმის და სექტების ზღვარგადასული პროპაგანდის აკრძალვას" პირდებოდა. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა კვირას, 13 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე (რიყე) აწყობს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ სამოქალაქო აქცია-კონცერტს „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!". კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები და ჯგუფები.

"ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები (სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო) ავრცელებენ ევროპის მხარდამჭერ ვიდეომიმართვებს, რომლებშიც უფლებადამცველები, ჟურნალისტები, მუსიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები მონაწილეობენ.

კომენტარები