ევროპარლამენტის რეზოლუცია

რეზოლუციით, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია

”საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე”, - ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ აღმოსვლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლისა და დესტაბილიზაციის თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში. სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებებია დაგმობილი, ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გამკაცრებისკენ. ევროპარლამენტი ერთიანი ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. რეზოლუციაში საქართველოსა და მოლდოვასათვის ასოცირებისა და თვისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის საჭირო, დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფაზეც არის საუბარი.

”როდესაც რუსეთი ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით კვლავ ახდენს საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას; როდესაც რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი საოკუპაციო ძალის ეფექტური კონტროლით ტერიტორიებზე ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივ დემოგრაფიულ ცვლილებებს; როდესაც რუსეთის ფედერაციამ დააწესა ცალმხრივი სავაჭრო სანქციები საქართველოსა და მოლდოვის პროდუქციაზე;

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე, დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების და ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის შემთხვევაში”, - წერია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერისკენ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, და მიესალმება შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მის დროებით ამოქმედებას.

კომენტარები