სახალხო დამცველი

ომბუდსმენი გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს

სახალხო დამცველის ოფისი გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უჩა ნანუაშვილმა სამი მსჯავრდებულის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურორს მიმართა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 5 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულები სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში #8 დაწესებულებიდან ახლად გადაყვანილ მსჯავრდებულს გაესაუბრნენ. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, იგი სხვა პირთან ერთად კარანტინში ჩაიყვანეს, სადაც მათ ბორკილები დაადეს, წააქციეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მსჯავრდებულები მძიმე ფაქტების შესახებ ყვებოდნენ 14 აპრილსაც.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაში წამების ნიშნებსაც ხედავენ.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა სხეულებზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია. თუმცა, პროკურატურა რეაგირების საკითხზე მსჯელობას უქმე დღეებში არ აპირებს.

პროკურატურის პოზიციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო განცხადებად მიიჩნევს.

კომენტარები