გიგი უგულავას საქმე

ტელეიმედის საქმეზე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე დაკითხეს

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის პროცესზე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე დაკითხეს. ინტერპრესნიუსის ცნობით, ტელეიმედის იურიდული სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ტელეკომპანიის საქმიანობაში ერეოდნენ. ერთ-ერთ მაგალითად გიორგაძემ ქუთაისის მთავრობის სხდომიდან ჟურნალისტის ჩართვის ფაქტი დაასახელა.

კერძოდ, გიორგის თქმით, ჟურნალისტმა ჩართვის დროს აღნიშნა, რომ მთავრობის წევრები უკანა კარიდან გაიპარნენ, რადგან გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, სწორედ ამ ფრაზის გამო, ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ფარულავამ პირადად მიიღო შენიშვნა იუსტიციის მაშინდელი მინისტრ ზურაბ ადეიშვილისგან.

ინტერპრესნიუსის ცნობით, გიგა გიორგაძემ კიდევ ერთ ფაქტზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ვახო სანაიას გადაცემის დროს ალექსანდრე ფარულავას პარალელური თათბირი ჰქონდა დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან. გიორგაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ფარულავასგან აქვს. გიგა გიორგაძის ცნობით, უგულავა გადაცემის მსვლელობებისას მითითებებს აძლევდა ფარულავას მეშვეობით, როგორც გადაცემის პროდიუსერს, ასევე წამყვანს.

გიგა გიორგაძის თქმით, იუსტიციის მაშინდელი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მხრიდან მითითებს იღებდა ტელეიმედის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი ნანა ინწკირველი.

დაცვის მხარის ადვოკატებმა გიორგაძეს დაუსვეს შეკითხვები, უშუალოდ მის საქმიანობაში ერეოდნენ თუ არა გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და დავით იაკობაშვილი. ტელეიმედის იურიდული სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გრძელდება, სადაც ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, ნოტარიუსი იკითხება. პროკურორის ინფორმაციით, ის იმ სანოტარო ბიუროს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა ტელეიმედის გასხვისებისა და შემდეგ გამოსყიდვის საკითხზე.

კომენტარები