წინასაარჩევნო გარემო

ISFED: ენმ-მ მოსახლეობასთან 37 საჯარო შეხვედრა გამართა, ქართულმა ოცნებამ - 4

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, კოალიცია ქართულმა ოცნებამ მოსახლეობასთან 4, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 37 საჯარო შეხვედრა გამართა. ამასთან, სამართლიანი არჩევნების კოორდინატორების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების კუთხით, მხოლოდ აღნიშნული ორი პოლიტიკური გუნდი აქტიურობდა.

ISFED-ის ცნობით, ქართული ოცნება გამართულ საჯარო შეხვედრებზე ძირითადად არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს წარადგენდა. ნაციონალური მოძრაობა კი, დაპირებებს გასცემდა, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა გაჩერებული პროექტების განახლებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, სოფლის მეურნეობის პროექტების ხელშეწყობას, შენობების გადახურვას, წყლის და კანალიზაციის პრობლემების მოწესრიგებასა და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში პოლიტიკური პარტიების აქტივობა მოიცავდა ძირითადად პარტიულ საქმიანობას - წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საუბნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესი, ხელმოწერების შეგროვება, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების წარდგენა, ამომრჩევლისათვის საკუთარი საარჩევნო პროგრამის გაცნობა და საჯარო შეხვედრების მოწყობა.

"სამართლიანი არჩევნების კოორდინატორები ყველა მუნიციპალიტეტში აკვირდებიან პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას და მათ მიერ გამართულ შეხვედრებს. სამართლიანი არჩევნები სტატისტიკურად აღრიცხავს მხოლოდ იმ შეხვედრებს, რომლებსაც კოორდინატორები უშუალოდ ესწრებიან" - აღნიშნავს ორგანიზაცია.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნები მონიტორინგს საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ატარებს.

ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე დაკვირვება 2014 წლის 31 მარტს დაიწყო, თუმცა, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ანგარიშში მოხვდა ყველა ის მოვლენა, რასაც არჩევნების გამოცხადებამდე ჰქონდა ადგილი და რასაც შესაძლოა ნეგატიური თუ პოზიტიური გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე.

კომენტარები