სერბეთი

სერბეთი რეფორმების მოლოდინში

მარიამ მებურიშვილი
0 კომენტარი

16 მარტს სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. 2014 წლის 29 იანვარს პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა სოციალისტური პარტიის ლიდერ (ყოფილი პრემიერის) ივიცა დაშიჩის და პროგრესული პარტიის ლიდერ (ყოფილი ვიცეპრემიერის) ალექსანდრ ვუჩიჩის წინადადების საფუძველზე დაითხოვა პარლამენტი. ვადამდელი არჩევნების მთავარი მიზანი იყო შეექმნათ ძლიერი უმრავლესობა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებდა ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად. პროგრესული პარტიის ლიდერმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის მხრიდან მათი გუნდისადმი დიდი ნდობით და რეფორმების დაჩქარების აუცილებლობით ახსნა. „სერბეთს აქვს საშუალება, უფრო სწრაფად განვითარდეს, უფრო სწრაფი ცვლილებები განახორციელოს და მოცდის დრო არ არის. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ წავაგოთ, რადგან ხალხი ცხოვრობს გაჭირვებაში და ახალგაზრდებს არ აქვთ სამსახური".

სერბეთში მოსახლეობის მთავარ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს, რომლის მაჩვენებელიც 26%-ს აღწევს. გავლენიანი ჟურნალი The Economist-ი მიიჩნევს, რომ ახლა სერბების უმრავლესობისთვის სამსახური უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე დემოკრატიის დონე ქვეყანაში.

ყოფილი პრემიერმინისტრი ივიცა დაშიჩი
მუშევრობის მატების, ვალების, დაბალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, განხეთქილებამ იმატა სერბეთის ყოფილ ხელისუფლებაში. მათ შორის პროგრესული პარტიის გავლენა აშკარა იყო და ის კიდევ უფრო იზრდებოდა. სერბეთის ყველაზე ძლიერმა პარტიამ მოიპოვა ძალაუფლება ადგილობრივ დონეზე ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, ბელგრადშიც. მათ სჭირდებოდათ ლეგიტიმურობა საკანონმდებლო დონეზე და მთავრობაში, რომ საჭირო რეფორმები გაეტარებინათ.

თავად ვუჩიჩის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მიზანი არ იყო პროგრესული პარტიის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება.

ადამდელი არჩევნების გამოცხადებას წინ უძღოდა დაპირისპირება მმართველი გუნდის შიგნით. ეკონომიკის მინისტრი, სასა რადულოვიჩი გადადგა, რის მიზეზადაც მან მთავრობის პოზიცია დაასახელა: პრივატიზაციის და შრომის კოდექსის კანონის უკან გაწვევა, არაგამჭვირვალე სამთავრობო ხელშეკრულებების გაფორმება და საიდუმლო გარიგებები. ვუჩიჩი აღნიშნავდა, რომ სოციალისტური პარტიის ლიდერი არ იყო ცუდი პრემიერი, მაგრამ არსებობდა გარკვეული შეზღუდვები, რაც აფერხებდა სწრაფი რეფორმების გატარებას.

სერბეთის პოლიტიკური ლანდშაფტი პარტიების სიმრავლითა და რაოდენობით გამოირჩევა. მცირე პარტიები კოალიციებს ქმნიან შედარებით დიდ პარტიებთან, რაც მათთვის საპარლამენტო მანდატის მოპოვების საუკეთესო გზაა, ხოლო თავის მხრივ დიდი პარტიებისთვის მსგავსი კოალიციების შექმნა გზავნილია ამომრჩევლებისადმი, რომ მათ დიდი მხარდაჭერა აქვთ. 2014 წლის 16 მარტს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 50-მა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეძლოა 5%-იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა.

წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ სერბეთის ეროვნულ ასამბლეაში ექვსი საარჩევნო სუბიექტი იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ნიკოლიჩის კოალიციამ ყველაზე მეტი დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში, უმრავლესობის მოსაპოვებლად მაინც დასჭირდა სერბეთის სოციალისტურ პარტიასთან ალიანსში შესვლა. 16 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი, სერბეთის პროგრესულ პარტიას არ სჭირდება სხვა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ალიანსში შესვლა ახალი მთავრობის დასამტკიცებლად. ახლა დგას საკითხი, ვუჩიჩი მარტო გააგრძელებს მართვას თუ კოალიციას შექმნის. ანალიტიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თუ მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული დემოკრატიული პარტია და ახალი დემოკრატიული პარტია კოალიციით შექმნიდნენ ახალ მთავრობას, იქნებოდა უკეთესი, ვიდრე ვუჩიჩის ერთპიროვნული მართვა. ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ თუ პროგრესული პარტია კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს ახალ მთავრობას, უფრო მალე შეძლებს დაპირებული რეფორმების გატარებას.

ახლადარჩეული პრემიერმინისტრი ალექსანდრ ვუჩიჩი
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ალექსანდრ ვუჩიჩი პრემიერმინისტრობისთვის ემზადება. ტომისლავ ნიკოლიჩის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სერბეთის მემარჯვენე-ცენტრისტულ პროგრესულ პარტიას სწორედ ის ხელმძღვანელობს. 2014 წლის 26 იანვარს გამართულ პარტიულ კონგრესზე ვუჩიჩს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობა და აირჩიეს პარტიის ლიდერად. 44 წლის ალექსანდრ ვუჩიჩი ყველაზე წარმატებულ და გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება სერბეთში. ყოფილი ულტრანაციონალისტი უკვე ცნობილია, როგორც პროევროპელი ლიდერი. მან თავისი კარიერის დიდი ნაწილი ექსტრემისტ-ნაციონალისტურ სერბეთის რადიკალურ პარტიაში გაატარა, მაგრამ ახლა თავის თავს წარმოადგენს როგორც პროევროპულ, თანამედროვე მემარჯვენე-ცენტრისტულ ლიდერად. წინასაარჩევნო პერიოდში ვუჩიჩი იყო ის ერთადერთი სერბი ლიდერი, რომელიც მზადაა გაატაროს სწრაფი, მაგრამ მტკივნეული რეფორმები და ფოკუსირებულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. წინა ხელისუფლების პერიოდში სწორედ ალექსანდრ ვუჩიჩი ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ კამპანიას, რომელმაც რამდენიმე დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.

წინასაარჩევნო კამპანიისას პროგრესული პარტია ძირითად აქცენტს ეკონომიკურ რეფორმებსა და საინვესტიციო გარემოს დახვეწაზე აკეთებდა. მათგან განსხვავებით, სხვა პოლიტიკური პარტიები მიიჩნევდნენ, რომ ეკონომიკური რეფორმები არ არის მთავარი პრობლემა. დემოკრატიული პარტია თვლის, რომ ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა, ხოლო სერბეთის სოციალისტური პარტია, უმუშევრობასთან ბრძოლასთან ერთად, მოსახლეობას მშრომელთა და პენსიონერთა უფლებების დაცვას ჰპირდებოდა.

მოსახლეობის მთავარი მოლოდინი გამარჯვებული პარტიისგან არის მკვეთრი რეფორმების გატარება ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ალექსანდრ ვუჩიჩს კარგი კავშირები აქვს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და არაბი შეიხები მზად არიან მსხვილი ინვესტიციები განახორციელონ სერბეთში. ვუჩიჩის პარტიის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო ბელგრადში მასშტაბური პროექტის გაკეთება „ბელგრადი წყალზე", რომელსაც არაბი ინვესტორები ახორციელებენ. ეს პროექტი დამატებით 200,000 სამუშაო ადგილს შექმნის ქალაქში. „მე ვიმედოვნებ, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან კანონებს, რომელიც ეხება შრომით უფლებებს, პრივატიზაციას, სამშენებლო ნებართვების გაცემას და გაკოტრების საქმეთა წარმოებას", – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა. სერბეთის მომავალი მთავრობა ემზადება კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ყველაზე ამბიციური ეკონომიკური რეფორმის ჩასატარებლად. ამასთან, ისინი შეეცდებიან საერთაშორისო მონეტარული ფონდისგან (IMF) სესხის აღებას, რომ შეამცირონ ბიუჯეტის დეფიციტი და დაფარონ ვალები.

ევროკავშირში გაწევრიანება წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყო. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის განსაზღვრაში, განსაკუთრებით, პროევროპულ ამომრჩევლებში. მმართველმა პარტიამ ეს ფაქტი კარგად გამოიყენა, რადგან 2014 წლის 21 იანვარს, ნიკოლიჩის მთავრობის დამსახურებით, ევროკავშირსა და სერბეთს შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. მკვეთრი, პრორუსული ორიენტაციით გამორჩეული მთავრობის მანდატის ქვეშ განხორციელდა ბევრი ისეთი რეფორმა, რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას უწყობს ხელს. წინასაარჩევნოდ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთის ევროკავშირისკენ სწრაფვა მოსახლეობაში არც ისე პოპულარულია, როგორც ჩანს. „მაგრამ ეს დაკავშირებულია ქვეყნის მოდერნიზაციასთან, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი აზროვნება, ჩვევები, საკუთარი თავი – და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ არ შევცვლით საკუთარ თავს, არ განვახორციელებთ რეფორმებს კანონის უზენაესობისთვის და სხვა სოციალურ სფეროებში, არ გვექნება წარმატებული მომავალი". აღსანიშნავია, რომ პროგრესული პარტიის ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიისას თითქმის არ საუბრობდა რუსეთზე.

ვლევები აჩვენებს, რომ თუ 2008 წელს მოსახლეობის 70% უჭერდა მხარს ევროინტეგრაციას, დღეს ეს მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია.

ლექსანდრ ვუჩიჩი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არჩევნებმა არ უნდა შეაყოვნოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების და კანონების ჰარმონიზაციის პროცესი. თუმცა დემოკრატიულ პარტიაში ფიქრობენ, რომ შიდაპოლიტიკური კონფლიქტები და არჩევნები შეაფერხებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

სერბეთის პროგრესული პარტიის წარმატებად მიიჩნევა პროგრესი კოსოვოსთან მიმართებით. პირველად შედგა ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პირველად, სერბეთმა და კოსოვომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკურად სერბი უმცირესობის მდგომარეობის შესახებ.

პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი
მმართველ კოალიციაში მყოფი სოციალისტური პარტია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი იყო, 44 წევრით იქნება ახალ პარლამენტში წარმოდგენილი. დაშიჩის განცხადებით, მათ უნდა გააკეთონ მაქსიმუმი, რომ ნაადრევი არჩევნების ჩატარების შემდეგ არ შეჩერდეს რეფორმები სერბეთში, გაგრძელდეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან და დიალოგი კოსოვოსთან. ამასთან, ისინი აქტიურად გამოდიან სერბი მუშების უფლებების დასაცავად.

წინასაარჩევნოდ არასტაბილური სიტუაცია იყო მთავარ ოპოზიციურ დემოკრატიულ პარტიაში. 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პარტიის 57 წევრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. სერბეთის ხელისუფლება ითხოვდა დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის დრაგან ჯილასის ბელგრადის მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის საქმიანობის გამოძიებას. ვადამდელი არჩევნებისთვის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით შეიქმნა კოალიცია „დემოკრატიულ პარტიასთან ერთად – დემოკრატიული სერბეთისთვის", სადაც გაერთიანდნენ ის პარტიები, რომლებიც დემოკრატიის ხელშეწყობითა და ადამიანის უფლებების დაცვით გამოირჩევიან. პარტიის ლიდერი თავის კოალიციას მოიაზრებდა ერთადერთ რეალურ ოპოზიციურ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი კონკურენცია გაუწიოს ვუჩიჩის კოალიციას. ამასთან, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა და ზეწოლა.

დრაგან ჯილასმა წინაასაარჩევნო მიმართვაში აღნიშნა, რომ დემოკრატიულ პარტიას არ სურს მათ ქვეყანაში უკრაინის სცენარი განვითარდეს, ან სერბეთი დაემსგავსოს ჩრდილოეთ კორეას, როცა მოსახლეობის 100% ერთ ადამიანს ირჩევს. ისინი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დასაქმებას და მათი უფლებების დაცვას ჰპირდებოდნენ, განურჩევლად ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაცისა. მათი მცდელობისა და იმედების მიუხედავად, დემოკრატიულმა პარტიამ მხოლოდ 19 ხმა მოიპოვა პარლამენტში.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადების შემდეგ, სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი, თავის მომხრეებთან ერთად, გამოეყო დემოკრატიულ პარტიას და ახალი დემოკრატიული პარტია შექმნა, სერბეთის მწვანეთა და მემარცხენე-სოციალისტური პარტიების ბაზაზე. მან სხვა პატარა პარტიებთან ერთად კოალიაციაში მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიაში ყურადღება ქვეყნის მთავარ პრობლემაზე, სიღარიბესა და უმუშევრობაზე, გაამახვილა. ახლადშექმნილი კოალიცია 18 წევრით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.

პარლამენტში დარჩენილი 11 ადგილი კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე გადანაწილდა, რომელთაც არც სჭირდებოდათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად.

არჩევნები ჩატარდება კოსოვოს რამდენიმე რეგიონშიც, მიუხედავად იმისა, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის მიღწეულ შეთანხმებაში ხაზგასმით წერია – სერბეთის არჩევნები არ შეიძლება გავრცელდეს კოსოვოზეც. ვიცეპრემიერი ვუჩიჩი კი ჰპირდებოდა იქ მცხოვრებ სერბ მოსახლეობას, რომ ხელს შეუწყობდა მათ არჩევნებში მონაწილეობას.

სერბეთში, ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მათ არ გააჩნიათ მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ან იდეოლოგია, განსხვავებით პროგრესული პარტიისაგან და შიდაპარტიული დაძაბულობა ხელს უშლიდათ წინასაარჩევნო კამპანიის სრულყოფილად ჩატარებაში.

ახლადარჩეულმა პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პირველი მაისისთვის უნდა აირჩიოს. სერბეთის მომავალი ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. უმუშევრობის მაჩვენებელმა იმატა, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს მხოლოდ 1,6 პროცენტით გაიზარდა. პრობლემის გადასაჭრელად მომავალ მთავრობას ორი გამოსავალი აქვს: გააძლიეროს ფისკალური კონსოლიდაცია და ინვესტორებისთვის სერბეთი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს, ან შეინარჩუნოს სიტუაცია ბიუჯეტის რესურსების სრული გამოყენებით და აღარ აიღოს საგარეო ვალი.

ტომისლავ ნიკოლიჩმა, რომლის დამოკიდებულებაც ოფიციალური მოსკოვისადმი არ შეცვლილა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ორჯერ აიღო საგარეო ვალი ჩრდილოელი მოკავშირისგან. რუსული პროდუქციის ექსპორტი სერბეთში კი, 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს დაახლოებით 22%-ით გაიზარდა. სანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ოფიციალური მოსკოვი აძლიერებს თავის გავლენას ოფიციალურ ბელგრადზე. სერბეთმა 2013 წელს ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას რუსეთის საბაჟო კავშირთან, ხოლო გასულ ნოემბერს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

აზპრომი ასევე გეგმავს სერბეთის გავლით იტალიიისა და ავსტრიისთვის სამხრეთი ნაკადით გაზის მიწოდებას. გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ევროპაში გაზის 15%-ის მიმწოდებელი იქნება, 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ევროკავშირის მხრიდან, რუსეთ-სერბეთის ამ შეთანხმებას უკმაყოფილება მოჰყვა, რაზეც ყოფილმა პრემიერმა დაშიჩმა აღნიშნა: „მათ, ვინ აკრიტიკებს სერბეთს ახლო ურთიერთობებისთვის რუსეთთან, ჰკითხონ თავიანთ თავს, რატომ არ სთავაზობენ პარტნიორობის ანალოგიურ პირობებს. სერბეთს სჭირდება სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთში, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ".

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისა და ქვეყანაში რეფორმების მიმდინარეობის მიუხედავად, სერბეთი კორუფციის დონის მიხედვით 72-ე ადგილზეა, ინდექსით 42, რაც ნიშნავს, რომ კორუფცია ქვეყანაში ისევ დაუძლეველია. ამასთან, Human Rights Watch-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, სიტუაცია ეთნიკური უმცირესობების კუთხით კვლავ საეჭვოა. ჟურნალისტები ისევ არიან მუქარის სამიზნეები. ასევე მცირე პროგრესია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გატარებული რეფორმების მიუხედავად, სერბეთის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2009 წლის შემდეგ მხოლოდ 2,8 პუნქტით გაიზარდა და დღეს 95-ე ადგილზეა, რაც წინა წელთან შედარებით 0,8 პუნქტით არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საკითხში ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, კანონის უზენაესობა კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა და ყველა ანგარიშში სერბეთს ღრმა ინსტიტუციური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ. PISA-ს ანგარიშის მიხედვით, განათლების მაჩვენებლებისა და სამართლიანობის გაუმჯობესების კუთხით სერბეთი საშუალო დონის ქვეყნებშია, ხოლო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ჰუმანიტარული კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს სერბეთი განათლების დონით 59-ე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით – 52-ე, დასაქმების მხრივ კი – 118-ე ადგილზეა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები