სერპანტინი

ენმ: ზედელაშვილი თავისი კომპანია სერპანტინით კორუფციულ სქემებშია ჩართული

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მფარველობაში მყოფი შპს სერპანტინი, რომლის მფლობელიც არის შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი", ხელისუფლებაში არსებული კორუფციისა და ნეპოტიზმის ერთ-ერთი მაგალითია. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს სერპანტინს ელექტრონულ ტენდერში გაამარჯვებინა. მისივე თქმით, "გიორგი ზედელაშვილი არა მხოლოდ პოლიტიკური გავლენების მოპოვებას ცდილობს, არამედ, ჩართულია კორუფციულ სქემებშიც, რომელსაც სერპანტინის მეშვეობით ახორციელებს".

ნადირაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის 6 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოცხადა 1 230 5700 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი SPA140006643, რომელიც ითვალისწინებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბოდბისხევში არსებული ხევის ჭალა-კალაპოტში ნაპირსამაგრ სამუშაოებს. ტენდერი 27 მარტს დამთავრდა და მასში სამმა ფირმამ მიიღო მონაწილეობა. საბოლოო შეთავაზებით, 998 000 ლარით, პირველ ადგილზე გავიდა შპს. ტბა. მეორე ადგილზე - 1 049 990 ლარით შპს ჯეუ გრუპი და ბოლო ადგილზე, ყველაზე მეტი 1 050 000 ლარით, საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი. ნადირაშვილის ინფორმაციით, 2014 წლის 7 აპრილს საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ სერპანტინის კონკურენტებს, საბუთებში ხარვეზების გამო, დისკვალიფიკაცია მისცა და სერპანტინი გამარჯვებულად გამოაცხადა.

"საინტერესოა ის ფაქტი, რომ სატენდერო კომისამ არ მიწერა იმ ზემოაღნიშნულ ორ კომპანიას ხარვეზების შესახებ და არ მისცა მის აღმოსაფხვრელად ვადა, რასაც ინსტრუქციები ითვალისწინებს. სატენდერო კომისიის თავჯდომარე გახლდათ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი, ღარიბაშვილ/თამაზაშვილის ოჯახის ახლობელი", - აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე თქმით, 2013 წლის 21 აგვისტოს SPA130015525 ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება (N311) ქუთაისის მერიასა და კომპანია სერპანტინს შორის. ხელშეკრულების საგანი იყო ქ. ქუთაისში ბაგრატის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისის ახალი გრანიტის ქვებით მოწყობის სამუშაოები - თანხა-967 315 ლარი; ვადა - 4 თვე (21 აგვისტო-21 დეკემბერი 2013).

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, კონტრაქტი სამჯერ შეიცვალა. მისი თქმით, ორ შემთხვევაში 2013 წლის 4 ოქტომბერს და 2014 წლის 28 იანვარს მოხდა ხარჯთაღრიცხვის შეცვლა მთლიანი თანხისა და პერიოდის შეუცვლელად; ხოლო 2013 წლის 20 დეკემბერს, როდესაც კონტრაქტი გაგრძელდა ორი თვით, კონტრაქტორს დაემატა თანხა კონტრაქტის 10%-ს ოდენობით და მიაღწია 1 061 633.49 ლარს. 

"ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების ცვლილებები შეუძლებელია მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე (მუხლი 5.2.), ზოგადად დაუშვებელია ჯამური ღირებულების გაზრდა (9.2.), გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევისა, როდესაც დასაშვებია თანხის გაზრდა არა უმეტეს საკონტრაქტო ღირებულების 10%. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის მიხედვით ისმის ლოგიკური კითხვა, რა იყო ის გარემოება, რომელიც აშკარად შეიცვალა და რომლის გამოც ხელშეკრულება ვერ შესრულდებოდა. ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც თითოეული სახელმწიფო პროექტისა და დაკვეთის თანხის როგორც მინიმუმ 10% უბრუნდებოდა დამკვეთს, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირებს", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის კორუფციული სქემის შესახებ ჯერ კიდევ 5 თებერვალს საუბრობდა. როგორც ბეჟაშვილმა საპარლამენტო სესიაზე განაცხადა, ნათესავური კონტროლის ქვეშ მოექცა ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმა და შემმოწმებელი კომპანია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მტკიცებით კი, ენმ-ის გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები