კრიზისი უკრაინაში

აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებენ

Reuters

ევროპელი დიპლომატები დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ. დღესვე ახალ სანქციებს შეერთებული შტატები და დიდი შვიდეულის სხვა წევრები გამოაცხადებენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის თქმით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებზეც ვიზები არ გაიცემა და აქტივები გაეყინებათ. შესაძლოა, ამერიკული სანქციების სიაში გავლენიანი ვიცეპრემიერი სეჩინი და გაზპრომის ხელმძღვანელი მილერიც მოხვდნენ. ამერიკა და ევროპა სამომავალოდ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღებაზეც მსჯელობენ.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ევროპელებს უთანხმებს.

”ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების დროს შევთანხმდით, რომ რუსეთმა ვერ შეასრულა ჟენევაში ნაკისრი ვალდებულებები და მნიშვნელოვანია, მივიღოთ შემდგომი ზომები, რათა გავაგებინოთ რუსეთს, რომ მადესტაბილიზებელი ქმედებები უნდა შეწყვიტოს. სანამ რუსეთი პროვოკაციებს განაგრძობს და არ ცდილობს, პრობლემა მშვიდობიანად მოაგვაროს, მის წინააღმდეგ სულ უფრო ძლიერი ზომები იქნება მიღებული”, - აღნიშნა ობამამ.

ქალაქ სლავიანსკში რუსი დივერსანტების ხელში კვლავ რჩება ეუთოს შვიდი სამხედრო დამკვირვებელი. მერვე მათგანი ტერორისტებმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს. დაკავებული დამკვირვებლები ჟურნალისტებს შეხვდნენ. ინტერვენტები მათ გათავისუფლებაზე უარს ამბობენ და მათი დაკავებულ დივერსანტებზე გაცვლა სურთ.

რუსმა ინტერვენტებმა ქალაქ კრამატორსკში უკრაინის უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი შეიპყრეს. მათი ამოცანა ერთ-ერთი რუსი დივერსანტის დაკავება იყო. თანამშრომელთა ტერორისტების ხელში ჩავარდნის ფაქტი უშიშროების სამსახურმაც აღიარა.

დღეს დილიდან შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფი კრამატორსკის ავიაბაზას თავს დაესხა, რომლსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. შეტაკების შედეგად ორი უკრაინელი ძალოვანი დაიჭრა. სპეცრაზმი და სამხედროები ქალაქ სლავიანსკისა და კრამატორსკის ალყას განაგრძობენ. დღესვე დონეცკის ოლქის კიდევ ერთ ქალაქში - კონსტანტინოვკაში, რუსმა ინტერვენტებმა ადგილობრივი პოლიციის შენობა აიღეს.

 

კომენტარები