ანტიდისკრიმინაციული კანონი

წულუკიანი: კანონპროექტი ვერ ჩაუყრის საფუძველს ერთსქესიან ქორწინებას

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებაზე თქვა, რომ "ეკლესიაში არის ჯგუფი, რომელიც ალბათ უნდა იყოს ამ განცხადების წყარო და მე მათი აბსოლუტურად მესმის".

წულუკიანის შეფასებით, უსაფუძვლოა დღეს არსებული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სასულიერო პირებთან კონსულტაცია და პატრიარქის განცხადებაც, ადასტურებს და ეკლესია ამას ცალსახად ამბობს, რომ ძალადობა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან განსხვავებულები, დაუშვებელია.

წულუკიანის თქმით, სასულიერო პირებთან კონსულტაციების დროს ჰქონდა ახსნილი და კიდევ ერთხელ ახსნის ამ საკითხს. ”კონსტიტუციაში დღესაც იგულისხმება სექსუალური უმცირესობების დაცვა და ამას რაიმე ტიპის შიდა აშლილობა და შფოთვა დღემდე არ მოჰყოლია. უბრალოდ, კანონში ამის დაზუსტება და არა მხოლოდ ამის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შეტანა, რომელიც დღეს კონსტიტუციაში ”და სხვათი" არის მოხსენიებული, ასაკოვანი ხალხი, რასაც კონსტიტუცია ასევე ”და სხვას" უწოდებს, ასევე დისკრიმინაციის სხვა ნიშნების დაზუსტება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ხელი მოვაწეროთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას რამდენიმე კვირაში. ეს არის ქვეყნისთვის გაცილებით უფრო დიდი სიკეთე, მათ შორის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ეროვნული გამთლიანებისთვის, ვიდრე უსაფუძვლო შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარმა დაზუსტებებმა არ გამოწვიოს რაღაც შიდა არეულობა. ერთადერთი, რაც არის მთავარი, მე ასე მეჩვენება, რომ არც კონსტიტუცია, არც იუსტიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი და არც მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი სახეცვლილი ვერსია არამც და არამც არ უყრის და ვერ ჩაუყრის საფუძველს საქართველოში ერთსქესიან ქორწინებას, არც ერთი სქესის თანაცხოვრების პირობებში ბავშვის აყვანის უფლებას", - აღნიშნა წულუკიანმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს პარლამენტს მიმართა, გადადოს კანონპროექტის "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" მოცემული სახით მიღება.

კომენტარები