მომავლის ბანაკი

ანაკლიაში ახალგაზრდული პროგრამა - მომავლის ბანაკი - განხორციელდება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, საქართველოს მთავრობა ახალგაზრდული ბანაკის პროგრამას - მომავლის ბანაკი - განახორციელებს. ბანაკს სკოლის მოსწავლეები წელს უკვე მეორედ ეწვევიან. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსის თეა ყიფშიძის თქმით, შარშან ის განკარგულების გარეშე მოეწყო. ყიფშიძე ”პატრიოტულ ბანაკთან” არსებულ განსხვავებებზეც საუბრობს. 

”პროგრამა ჩატარდება ანაკლიაში, ანუ როგორც პატრიოტთა ბანაკი, ადგილმდებარეობა არ იცვლება, ორივეს შემთხვევაში ანაკლიაა. რაც შეეხება, შინაარსს, მთავარი განსხვავება ისაა, რომ პატრიოტთა ბანაკი იყო სტუდენტებზე გათვლილი, ჩვენს შემთხვევაში არიან სკოლის მოსწავლეები ანუ 14-18 წლის მოზარდები - ისინი ვინც სკოლაში სწავლობენ, და არა სტუდენტები. განსხვავება ისიცაა, რომ მთლიანად საქართველოში არის 2200 საჯარო სკოლა. გადავწყვიტეთ, მთელი საქართველო მოვიცვათ და თითოეული სკოლიდან წავიყვანოთ თითო ბავშვი. ბუნებრივია, ეს არის რთული, მაგრამ არსებობს კრიტერიუმები, როგორ უნდა წარუდგინოს სკოლამ განათლების სამინისტროს მოსწავლე. განათლების სამინისტრო გვაწვდის ჩვენ. უნდა იყოს წარჩინებული, უნდა გამოირჩეოდეს სანიმუშო ყოფაქცევით და ამას გარდა, უპირატესობა ენიჭება მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს, სოციალურად დაუცველებს და დევნილებს.

პროგრამა არის მთლიანად შეცვლილი, ტარდება ტრეინინგები, არაფორმალური განათლების კუთხით. სპორტული აქტივობები არის სისტემური ხასიათის, თემატური ღონისძიებები თითოეულ დღეს. ღონისძიება არის დღის განმავლობაში გამართული ტრეინინგის თემატიკის ლოგიკური დასასრული”, - აღნიშნა თეა ყიფშიძემ.

პრემიერმინისტრის განკარგულებაში წერია, რომ პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ეროვნული და ზოგადასაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრების, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდაა. წინადადება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც პროგრამა 2014 წლის ივნის-სექტემბერში ანაკლიის ტერიტორიაზე განხორციელდება.

"პროგრამა "მომავლის ბანაკის" სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ ბანაკში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს, "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა", - წერია განკარგულებაში.

განკარგულების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს პროგრამა "მომავლის ბანაკის" მონაწილეთა ღონისძიების გამართვის ადგილზე ტრანსპორტირების უსაფრთხოება, მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს "მომავლის ბანაკის მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

"ა.ა) შესარჩევი კანდიდატურების ასაკობრივი ზღვარი - 14-18 წელი (საჯარო სკოლის მოსწავლეები);

ა.ბ) თითოეული საჯარო სკოლიდან დირექციის მიერ წარმოდგენილი 1 კანდიდატურა (მაღალი აკადემიური მოსწრების და დისციპლინირებული, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით), - აღნიშნულია განკარგულებაში.

კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა კი უნდა უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან 1728 ბენეფიციარის შერჩევა (თითოეულ 6 ნაკადზე - 288 პირი).

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, ხარისხის კონტროლი, წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა და ასევე, აღნიშნულ ბანაკთან მისასვლელი საავტომობილო გზების შეუფერხებელი ფუნქციონირება პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში.

ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ანაკლიაში არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოთა განხორციელება", - ნათქვამია განკარგულებაში.

რაც შეეხება ახალგაზრდული პროგრამა ”პატრიოტს”, ის პრეზიდენტის 2005 წლის #345 განკარგულებით შეიქმნა, რომელსაც ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება სსიპ ”ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებდა.

სამინისტროს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ”პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას”.

ბანაკი პატრიოტი წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდებოდა. ბოლოს პროგრამა 2012 წელს სწორედ ანაკლიაში ჩატარდა. ამ წელს ბანაკმა საერთო ჯამში 5000 ახალგაზრდას [15-დან 20 წლამდე] უმასპინძლა. პროგრამა 2012 წელს ტრეინინგებსაც ითვალისწინებდა.

კომენტარები