ანტიდისკრიმინაციული კანონი

ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტს პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე გასატანად მზად არ არის და მასზე მუშაობა ხვალ ან ზეგ განახლდება.

"კომიტეტმა გუშინ მუშაობა ღამის 12 საათზე დაასრულა. კანონპროექტზე მუშაობას სჭირდება გარკვეული დრო. ამიტომ დღევანდელ სხდომაზე გასატანად მზად არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში, ხვალაც გვქონდეს სხდომა და კანონპროექტს ისევ დავუბრუნდებით", - უთხრა ჟურნალისტებს ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ.

ამასთან, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, "კანონპროექტის მესამე მუხლიდან ამოღებულია ჩამონათვალი, სადაც ჩაწერილი იყო სფეროები და მასში შედიოდა სასკოლო დაწესებულებები, განათლების სხვადასხვა ადგილები და საჯარო დაწესებულებები. ძალიან ბევრი უწყება, რომელიც ამ ჩამონათვალში იყო, სპეციალურ დათქმას გულისხმობდა ანტიდისკრიმინაციულ მოქმედებების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოთხოვნა საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მათი მხრიდან იყო შიში გამოთქმული, რომ შესაძლებელია სასწავლო დაწესებულებები გამოყენებულ იყოს პროპაგანდის ადგილად, ამიტომ ეს ჩამონათვალი კანონპროექტიდან ამოვიღეთ".

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გვიან საღამომდე გაგრძელდა. მსჯელობას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სასულიერო პირები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვდნენ. საპროტესტო განცხადებების შემდეგ მათ დარბაზი დატოვეს.

კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამაც. მისი თქმით, ის რაც საკომიტეტო განხილვაზე ხდებოდა, პარლამენტზე ძალადობაა.

ეკა ბესელიას განცხადებით, კანონპროექტის ავტორი შენიშვნების ნაწილს გაითვალისწინებს. უმრავლესობის წევრები და სასულიერო პირები კანონის მოქმედების სფეროს დაკონკრეტების წინააღმდეგი იყვნენ. კანონპროექტის ავტორები, სავარაუდოდ, არ დააკმაყოფილებენ არასამთავრობოების მოთხოვნას სანქციების გათვალისწინების შესახებ. მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო და მასში ჯარიმის მექანიზმის დამატება გამორიცხულია. კანონს სიმბოლურს უწოდებს უმცირესობა, თუმცა მას მხარს მაინც დაუჭერენ.

კომენტარები