უკანონო მოსმენები

კობახიძე: რუსთავი 2 არაფერს ამბობდა, როდესაც შსს ათასობით ადამიანს უსმენდა

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ნებისმიერი პირის პირადი ხელშეუხებლობა დაიცვას. კობახიძე რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ფარულ ვიდეოჩაწერას გამოეხმაურა. ვიცესპიკერის თქმით, საინტერესოა, როგორ გაჩნდა და ვინ დაამონტაჟა ტელეკომპანიის შენობაში მიყურადებისთვის საჭირო ტექნიკა.

"სხვადასხვა ვერსიაც შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, მაგრამ განსაკუთრებული აჟიოტაჟი სამწუხაროა იმ ტელევიზიისგან, რომელიც ნამდვილად არაფერს ამბობდა, როდესაც ათასობით ადამიანს უსმენდა სწორედ ის შსს. არანაირი განსაკურებული წუხილი ამ ტელევიზიისგან არ გამოთქმულა, რომელიც ტირაჟირებდა ხელისუფლების დაკვეთილ პროპაგანდას. სამწუხაროა, მაგრამ ასე იყო. ზედმეტი აჟიოტაჟი ამის ირგვლივ ცოტა გაუგებარია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული ვინ დაამონტაჟა და რა მიზნით. იყო ეს შსს-დან დამონტაჟებული თუ ვინმე სხვა პირის ინტერესებში შედიოდა რაღაც ინფორმაციის მოპოვება კერძო ტელეკომპანიიდან", - განაცხადა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ "ამის მოთხოვნა რომც არ იყოს და არ იყოს რაღაც აჟიოტაჟები და ბრიფინგები, მაინც ჩატარდება გამოძიება. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ნებისმიერი პირის პირადი სივრცის ხელშეუხებლობა, მათ შორის, საუბარია მედიის დამოუკიდებლობაზე. ამიტომ ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული, რა თქმა უნდა".

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ ბოდიში მოიხადა წინა წლებში ფარული ჩანაწერების გაკეთება/გავრცელების პრაქტიკის გამო.

"აუცილებლად მინდა გავიხსენო წინა წლებში მათ შორის ჩემი არცთუ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით და ბოდიში მინდა მოვიხადო იმისთვის, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული ამ მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. მართალია, ყველა ჩემთვის ცნობილი ყველა ჩანაწერი მოპოვებული იყო ლეგიტიმურად და მათი გავრცელება წარმოადგენდა სახელისუფლებო სრულ დისკრეციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამგვარი პრაქტიკით შეილახა ძალიან ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ პრაქტიკის გამო, ადამიანებმა, ვინც ფიგურირებდა ჩანაწერებში, მიიღეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული და მორალური ზიანი. წინა ხელისუფლების ამ მანკიერ ტრადიციას, რომელსაც თავადაც აღიარებს, სამწუხაროდ, განუხრელად  დაადგა ახალი ხელისუფლებაც, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური პოზიტიური ცვლილებები", - აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები