უკანონო მოსმენები

პროკურატურა: მოწმემ რუსთავი 2-ში ფარული ჩამწერის კვალი 2012 წელს აღმოაჩინა

საქართველოს პროკურატურა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიმართ შესაძლო თვალთვალის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს. უწყების განცხადებით, 8 მაისს რუსთავი 2-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა გამოძიებას ჩვენება მისცა და მიაწოდა ტელეკომპანიაში არსებული უსაფრთხოების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

პროკურატურის განცხადებით, ჩანაწერებში ნათლად ჩანს, "რომ 2012 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური აპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს. მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, მეტალის გასაშლელი კიბის თანხლებით მუშაობდნენ ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც". უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა დააეჭვა თეიმურაზ კოვზიაშვილი, რადგან ამის შესახებ მან, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი იცოდა. 

"მისივე ჩვენებით, ამ დღის შემდეგ იგი დაინტერესდა ხსენებული პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის მონტაჟის კვალი. აღნიშნულის შესახებ მან დაუყონებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.  მან უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საკუთარი სამსახურებრივი საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მან სცადა ნიკოლოზ გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია. შედეგად, გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დაატოვებინეს სამუშაო ოთახი" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც გამოძიებას უარი განუცხადა დაეფიქსირებინა მის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერების წყარო.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გრძელდება ინტენსიური გამოძიება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული" - აღნიშნავს უწყება. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

პროკურატურა რუსთავის 2-ის თანამშრომლებს მიმართავს, აქტიურად ითანამშრომლონ საგამოძიებო სამსახურთან, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები