სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ენმ: ფარცხალაძემ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე სად-ის დუმილი ხომ არ იყიდა?

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2013 წლის დეკემბერში აღებული ხელფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დეპუტატმა ირმა ნადირაშვილის თქმით, ინფორმაცია დეპარტამენტიდან მიაწოდეს და წყაროს ვერ დაასახელებს. მისი ცნობით, რუსთავი 2-ის დაცვის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ბუნტურიძემ 2012 წლის დეკემბერში ხელფასის სახით 38 390 ლარი აიღო. შეგახსენებთ, რომ ბუნტურიძე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ პროკურატურის შიდა მოკავშირეობაში დაადანაშაულა.

ენმ-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი გოგი გახარიაა (39 130 ლარი). ამასთან, ნადირაშვილის თქმით, "ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს, ხოლო 17 დეკემბერს ოთარ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა". საპარლამენტო უმცირესობის წევრს ეჭვი აქვს, რომ მაღალი ხელფასებით სად-ის თანამშრომლების დუმილი იყიდეს.

"მინდა გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც მოგვაწოდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და ცხადია, ვერ დავასახელებ წყაროს, რადგან დავიცავ იმ ადამიანის უსაფრთხოებას. საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2013 წლის დეკემბერში გაცემულ ხელფასებს, რომელიც იმდენად დაუჯერებელი და მაღალია, რომ აუცილებლად ჩავთვალე თქვენთვის გამეზიარებინა. დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირებია: გახარია გოგი, რომელმაც დეკემბერში აიღო 39, 130 ლარი, რუსთავი 2-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე – 38, 390 ლარი, მაჩაიძე სიმონი – 38, 733 ლარი, ტორაძე შალვა – 31 263, თუთარაშვილი შოთა – 30,386, ელიზბარაშვილი გიორგი – 29, 307, ალსანიშვილი ზურაბი – 28 330, კოტეტიშვილი ვახტანგი – 23 494, ტრაპაიძე შოთა – 23 270, დიდიძე ზურაბი – 21 202, ჩელებაძე მამუკა – 21 505, როდონაია ლაშა – 20 703, ცქვიტინიძე ტარიელ – 20 358, ახვლედიანი თენგიზ – 19 018, დოთიაშვილი დავითი – 18 845, გულბიანი გიორგი 18 692, კიკალიშვილი ილია – 18 525, ვერულაშვილი ნესტანი 18 251, დარბაისელი დიმიტრი – დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლავთ 18 – 222 ლარი. ყველაზე ნაკლები ხელფასი დეკემბრის თვეში გაიცა 10 504 ლარის ოდენობით", - განაცხადა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი თვენახევრის წინ მიაწოდეს, თუმცა მისი გასაჯაროებისგან თავს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით იკავებდა.

"ხათუნა გოგორიშვილმა სადეპუტატო შეკითხვა გააგზავნა სასჯელაღასრულების დეპარტამენტში და მოითხოვა ინფორმაცია გაცემული ხელფასების შესახებ. 15 დღის შემდეგ გვიპასუხეს, რომ ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო, მივლინებაში იმყოფებოდა. ერთი კვირის თავზე ისევ დავრეკეთ და გვითხრეს, რომ ინფორმაცია გაბნეულია და ვერ ამოკრიფეს, შემდეგ კი მივიღეთ პასუხი, რომ მას საერთოდ ვერ მოგვაწვდიან. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ ეს ინფორმაცია არის რეალური. მინდა დავსვა მთავარი კითხვა, როგორ შეიძლება ასეთი ხელფასები რიგდებოდეს საქართველოში, რომელიმე ქვეყანაში? ასევე მინდა გამოვთქვა ჩემი ეჭვი – ეს ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა საკნიდან. მე მაინტერესებს, ამ ხელფასებით სად-ის თანამშრომლების დუმილი ხომ არ იყიდეს?", - იკითხა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები