CRRC

CRRC: პრემიერის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) - საქართველო პრემიერის განცხადებას ეხმაურება. ორგანიზაცია პრემიერს განცხადებით პასუხობს, სადაც ნათვამია რომ  CRRC - საქართველო, არასდროს არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული და რომ ის 2003 წწელს ევრაზიის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით დაარსდა. ხოლო NDI-სთან თანამშრომლობა 2008 წლიდან დაიწყო. "ტაბულა" CRRC-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.  

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია იმედზე თოქ–შოუ „რეაქციაში“ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს სი–არ–არ–სი საქართველოს შესახებ, რომელიც 2008 წლიდან NDI–ის დაფინანსებით ატარებს საზოგადოებრი აზრის კვლევას საქართველოში.

ამ გადაცემაში პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „ყოველთვის იყო აფილირებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენი ორგანიზაციის „მენეჯმენტში ჩართული წლების მანძილზე და კოორდინაციას უწევდნენ ენდიაის კვლევებს“. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.

სი–არ–არ–სი საქართველო არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული.  ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა  2003 წელს ევრაზიის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის მიერ ხსენებულ ლევან თარხნიშვილს, იგი სი–არ–არ–სი საქართველოს დირექტორად მუშაობდა 2007 წლამდე, რისი გადამოწმებაც მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. NDI–იმ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან დღემდე  სი–არ–არ–სი საქართველოს არც ერთი ხელმძღვანელი და თანამშრომელი არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.  

სი–არ–არ–სი საქართველო არის დამოუკიდებელი არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. სი–არ–არ–სი საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში.

მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ სი–არ–არ–სი საქართველოს ვებ გვერდებს: www.crrc.ge დაwww.caucasusbarometer.org" - ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები