ინტელექტუალები

ვინ არიან ინტელექტუალები?

თორნიკე მეტრეველი
0 კომენტარი

ყველაფეროლოგიის კრიტიკა, ანუ რატომ გვჭირდება ინტელექტუალური კონტრელიტა?

ამერიკელი პოლიტიკური სოციოლოგის, სეიმურ ლიპსეტის ცნების მიხედვით, ინტელექტუალები არიან ისინი, ვინც ქმნიან, ავრცელებენ და კონსტრუირებენ კულტურას – ადამიანის სიმბოლურ-ღირებულებით სამყაროს – რომელიც მოიცავს ხელოვნებას, მეცნიერებას, რელიგიას (და არამხოლოდ). აქვე გამოიყოფა ორი ჯგუფი: ისინი, ვინც ქმნიან ამ კულტურას და ისინი, ვინც ავრცელებენ იმას, რასაც სხვები ქმნიან. ამ სტატიის კონტექსტში, გავიზიარებ ლიპსეტისა და ამერიკელი ეკონომისტისა და პოლიტიკური ფილოსოფოსის ტომას სოუელის კატეგორიზაციას და ინტელექტუალებად მათ მოვიხსენიებ, ვინც იდეებთან და იდეოლოგიებთან აფილირდება; პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ დისკურსს ამკვიდრებს – მწერლები, მეცნიერები, საჯარო ინტელექტუალები.

ინტელექტუალებზე საუბრისას ვერ ავცდებით ფრანგ ფილოსოფოსს და ისტორიკოსს მიშელ ფუკოს. მისთვის ინტელექტუალი ძალაუფლების წინააღმდეგ მებრძოლია და არა უბრალოდ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არამღები საზოგადოების ჭკუის დამრიგებელი. იმანუელ კანტის ჰუმანისტური აჩრდილი დაჰყვება ფრანგი ფილოსოფოსის, ჟულიენ ბენდას მიერ დანახულ ფუნქციას, რომელსაც ინტელექტუალები უნდა ასრულებდნენ საზოგადოებაში: ისინი ერთგვარად სოკრატესეული და ქრისტესმიერი მისიით არიან დაჯილდოებული, რაც მორალური და ეთიკური პრინციპების ერთგულების, სიკეთისა და სამართლიანობისთვის უანგარო მსახურში გამოიხატება, წერს ბენდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინტელექტუალი, როგორც სოციალური კლასი, სრულებით უნდა ემიჯნებოდეს საზოგადოებისთვის არსებულ პრაქტიკულ საკითხებს. პირიქით, თუ დავუჯერებთ ფრანგ სოციოლოგ პიერ ბურდიეს, ამ პროცესებში ჩართულობა მათი პირდაპირი მოვალეობაა. ბერდას აზრით კი, ინტელექტუალები მერკანტილური მიზნებისთვის საკუთარი აზრით ვაჭრობას და ანგარებისკენ სწრაფვას უნდა გაემიჯნონ, რაც არ გამორიცხავს არც მათ პოლიტიკურ ჩართულობას და არც მეტაფიზიკური იდეებისგან ინტელექტუალური ტკბობის მიღებას.

ყოველგვარი კატეგორიზაციის მიმართ ცინიკური იყო ფრანგი მოაზროვნე და ისტორიკოსი ალექსის დე ტოკვილიც, რომლისთვისაც ინტელექტუალები განასახიერებდნენ „პრაქტიკული პოლიტიკისგან დაშორებულ აბსტრაქტული თეორიული განზოგადებების ოსტატებს". ტოკვილი ინტელექტუალების სოციოლოგიის პროტოტიპს აყალიბებს, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელნი უფრო მეტად კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამტარებად მოიაზრებიან, ვიდრე უნივერსალური ზოგადსაკაცობრიო ღირებულების ადვოკატებად.

გარკვეულწილად, ტოკვილის პროტოტიპის გამოძახილია ავსტრიელი ეკონომისტი ფრიდრიხ ჰაიეკიც, რომელიც ინტელექტუალებს იდეების პროფესიონალ „მეორად გადამყიდველებად" მოიხსენიებს.

გადამყიდველობას იგი ინტელექტუალიზმის დაკნინებისთვის არ იყენებს. მისთვის ინტელექტუალი ფართო მასისთვის ცოდნის გამტარი მეორადი წყაროა, იდეების გავრცელების ერთგვარი მედიატორი. აქვე ჰაიეკი საზოგადოებისთვის ინტელექტუალების მნიშვნელობაზე საუბრობს: „ჩვენი სპეციალობის მიღმა, ჩვენი ცოდნა ლიმიტირებულია რიგითი მოქალაქის ცოდნის დონეზე და დამოკიდებულია მათზე, ვინც ამ ინფორმაციას გვაწვდის. აქედან გამომდინარე, ინტელექტუალები ერთგვარად წყვეტენ, თუ რა იდეები და შეხედულებები მოვა ჩვენამდე და როგორი ფორმით".

ესა თუ ის იდეა თანმიმდევრულია თუ არა ინტელექტუალების ღირებულებით სისტემასთან, განურჩევლად იმისა, ეს რეალობასთან თანხვედრაშია თუ არა, ისინი ან მიიღებენ მას მოცემულობად, ან უარყოფენ მას. ამგვარად, ინტელექტუალის „მენტალური სქემა" განსზღვრავს, თუ რა პრიზმაში დაინახავს რიგითი მოქალაქე ამა თუ იმ მოვლენას, რა დონეზე მოახდენს გავლენას მასზე ესა თუ ის თეორია, თუნდაც ამ თეორიის არცოდნის პირობებშიც კი, წერს ჰაიეკი.

ვინ არიან ექსპერტები?

ჰაიეკი არსებით განსხვავებას გვთავაზობს ინტელექტუალსა და ექსპერტს შორის. ექსპერტებად იგი აკადემიკოსებს, დიდ მეცნიერებს, მკვლევრებს და სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის მოაზროვნეებს მიიჩნევს, რომლებიც შესაძლოა საჯარო ინტელექტუალებიც იყვნენ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როცა ისინი მიმართავენ არა მხოლოდ პროფესიონალების ვიწრო წრეს, არამედ ფართო მასებს. ამ დროს ინტელექტუალი ირგებს როგორც ინტელექტუალის, ასევე ექსპერტის როლს. სოუელი ექსპერტებს მოიხსენიებს სამღვდელო კლასის სეკულარულ ეკვივალენტად, იმ გაგებით, რომ ისინი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მსგავსად, მეცნიერული ობიექტურობის მანტრას ამოფარებული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სპეციალურ ინტერესთა ჯგუფს წარმოადგენენ.

ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი გვახსენებს დიდი მკვლევრების და მეცნიერების ცინიზმს „ექსპერტების" მიმართ, რომელთაც ისინი „არაფერი კონკრეტულის მცოდნეებად" მიიჩნევდნენ. ფრიდმანისგან განსხვავებით, ჰაიეკს მიაჩნია, რომ „ექსპერტების" იგნორირება გამოსავალი არ არის, რადგან ისინი გავლენიან საჯარო ინტელექტუალებად იქცევიან, როდესაც არ ხდება მათი სააზროვნო მოედანზე დამარცხება. მთავარი კითხვაა, როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს ეს?

ყველაფრისმცოდნე არაფეროლოგები

ქართულ კონტექსტში „ექსპერტები" არიან ადამიანები, ვინც დომინირებენ აზრთა ბაზარზე და მასში ჰეგემონურ მოთამაშედ გვევლინებიან. აზრის შემქმნელთა ამ სოციალურ ჯგუფს – დავესესხები ერთ-ერთ ქართულ იუმორისტულ ვებგვერდს და – ყველაფეროლოგებს ვუწოდებ. ყველაფეროლოგები წარმოადგენენ სხვადასხვა პროფესიას, თუმცა განურჩევლად პროფესიული კომპეტენციისა, მათ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გააჩნიათ საკუთარი შეფასება. მნიშვნელობა არ აქვს, საკითხი მათ კომპეტენციაში შემავალ თემას ეხება თუ არა, „ყველაფრის მცოდნე" ადამიანთა ეს ჯგუფი, საზოგადოებას მედიუმად ევლინება და კომპლექსურობით სავსე პოლიტიკური სამყაროს აღქმას თავისი შუამავლობით უადვილებს. რეალურად კი, ხშირად, საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებული ნაწილი უტიფარი დემაგოგიით შეჰყავს შეცდომაში.

განყენებული თეორიული მსჯელობის ასაცილებლად, მაგალითების მოყვანაც არ გართულდება. 17 მაისის მოვლენების დროს, ყველაფეროლოგები მორწმუნე უმრავლესობის უფლების დაცვით სპეკულირებდნენ. ლოგიკა იყო შემდეგი: თუ სექსუალურ უმცირესობებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, რატომ არ აქვს თავისი გამოხატვის თავისუფლების დაცვის უფლება უმრავლესობას? – აქვს! მაგრამ არა ცემით და სკამით ხელში, არა საჯარო სივრციდან განსხვავებული აზრის დევნის გზით და არა ჰომოფობიის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის ქადაგებით.

ყველაფეროლოგები ამ ეპიზოდში ვიწრო პარტიულ ინტერესთა ჯგუფად გვევლინებიან, რაზეც სოუელი და ტოკვილი საუბრობდნენ. მათ საზოგადოება განზრახ შეჰყავთ შეცდომაში და მას უმცირესობისა და უმრავლესობის თანაარსებობის შესახებ არასწორ სურათს უხატავენ.

ასეთი ლოგიკა: „უმცირესობის უფლება ხომ არ უნდა ლახავდეს უმრავლესობის უფლებას?!" მუშაობს მინარეთების დემონტაჟი/აღდგენის ირგვლივ არსებულ დისკუსიაშიც. საკუთარი არგუმენტების გასამყარებელ წყაროდ მოყვანილია აბსტრაქტული „სხვა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები". ისმის კითხვა „თუ შეიძლება იქ, რატომ არა ჩვენთან?", ან „იქ ამას გაპატიებდნენ?!". გაპატიებდნენ და მეტიც! ბრიტანეთის მთავრობა საკუთარი ბიუჯეტიდან არათუ მეჩეთების მშენებლობას და ისლამურ საჯარო სკოლებს აფინანსებს, არამედ რადიკალური ისლამის სწავლებასაც კი არ ზღუდავს ბრიტანეთის მიწაზე, რაც ღირებულებით კონფლიქტშია ბრიტანულ ფასეულობებთან.

მეორე ავადსახსენებელი მაგალითია ახალი პირადობის მოწმობები. გამაოგნებელი უპასუხისმგებლობით, ყველაფეროლოგები საჯარო დისკურსში ამკვიდრებენ შიშის კულტურას და საზოგადოების ნაწილში არსებული ჩიპისა და ეშმაკის კომედიას (კომიკურ) ფსევდოინტელექტუალურ ახსნას უძებნიან. ტრაგიკომედიად იქცევა ის, რომ საზოგადოების ნაწილი ამას ღირებულ არგუმენტად მიიჩნევს, რადგან ყველაფეროლოგებს ეძლევათ ამგვარი პრიმიტიული მესიჯების ფართო მასისთვის მიწოდების სივრცე – ამას თან ახლავს რელიგიური კლასის ნაწილის მხარდაჭერაც, რაც, თავის მხრივ, მეტ ლეგიტიმაციას აძლევს ყველაფეროლოგების არგუმენტებს.

არ შეიძლება თვითმმართველობის კანონის ირგვლივ ყველაფეროლოგების მსჯელობის უკომენტაროდ დატოვებაც. ყველაფეროლოგების ნაწილის აზრით, საქართველოს დეცენტრალიზაციით ემუქრება დაშლა-დაქუცმაცება. აქ მუშაობს დაახლოებით შემდეგი ლოგიკა: თუ ამბროლაური აირჩევს მერს, ვკარგავთ რაჭას! რა თქმა უნდა, ამგვარ დემაგოგიას მხოლოდ ყველაფეროლოგების არაკომპეტენტურობას ვერ დავაბრალებთ, ვერც ყველაფეროლოგების კონსპირაციის თეორიებით გატაცება მოგვცემს ბალანსირებულ სურათს. სავარაუდოდ, დეცენტრალიზაციის შესახებ მათი ცოდნა არ სცდება საბჭოთა კავშირის ეთნოფედერალიზმის მოძველებულ თეორიებს და მთლიანად აიგნორებს ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ წარმომადგენლობითი თუ ფისკალური დეცენტრალიზაციის წარმატებულ პრაქტიკას.

ამ ინტელექტუალური ორგიის პირობებში განსაკუთრებით საინტერესოა მასმედიის როლი, რომელიც ყველაფეროლოგებს მათი კომპეტენციისთვის შეუსაბამოდ დიდ წარმომადგენლობით საჯარო სივრცეს უთმობს, რითაც მათ თავადვე ქმნის და იდეათა ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ამკვიდრებს.

როგორ დავამარცხოთ ყველაფეროლოგია?

ვფიქრობ, რომ ტრანზიციის პროცესი, რასაც საქართველო გადის, მოითხოვს სოციალურ პროცესებში ჩართული აქტიური კონტრელიტის ჩამოყალიბებას, რომელიც დაამკვიდრებს ახალ კრიტიკულ დისკურსს და იდეათა ბაზარზე თავისუფალი შეჯიბრის პირობებში მოიპოვებს უმრავლესობას. თუმცა ჩნდება კითხვა, თუ ვინ უნდა გახდეს კონტრელიტა და რა გზით უნდა მოხდეს იდეათა ბაზარზე მათ მიერ ყველაფეროლოგების ჰეგემონური პოზიციების დეკონსტრუქცია, მათი სააზროვნო დისკურსულ სივრცეში დამარცხება?

ინტელექტუალების ამ ტიპს, პირობითად კონტრელიტას, შეიძლება წარმოადგენდნენ საქართველოში მოღვაწე, უცხოეთში განათლებამიღებული და საქართველოში დაბრუნებული, ან ამჟამადაც უცხოეთში მყოფი წარმატებული მეცნიერები, კრიტიკოსები, პუბლიცისტები და მკვლევრები. ცხადია, ყველაფეროლოგებისგან განსხვავებით, ინტელექტუალების ამ ჯგუფში კომპეტენციის პრობლემები არ დგას. არ გვაქვს საქმე არც კრიტიკული აზროვნების დეფიციტთან, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში არსებობს ერთგვარი იდეოლოგიური პარტიკულარიზმი და ინფორმაციის შერჩევითობის პრობლემა, რაც, როგორც ჰაიეკისა და სოუელის ტიპოლოგიისგან ვიგებთ, ზოგადად ინტელექტუალიზმის მუდმივი თანმდევი სენია.

ვის ესაუბრება ინტელექტუალების ეს ჯგუფი დღეს? მათი გზავნილების მიმღები არიან სპეციფიკური სამოქალაქო თუ პოლიტიკური ღირებულებების, განათლების დონის და სოციალური კლასის წარმომადგენლები. ყველაფეროლოგებისგან განსხვავებით, ისინი არ წერენ და არ საუბრობენ ყველასთვის (და არც ყველაფერზე). რიგით მოქალაქეს შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილებაა, რომ ინტელექტუალების ამ ჯგუფს აინტერესებს კომპლექსური თემები, აკადემიური ჟარგონი და მხოლოდ ერთმანეთის აზრი.

ინტელექტუალების ეს ჯგუფი არ იბრძვის საჯარო სივრცეში ადგილის დამკვიდრებისთვის, რადგან მისთვის სასურველ წრეებში იგი ისედაც რეალიზებულია. შესაბამისად, არ ხდება იდეათა ბაზარზე დომინანტი პოზიციის მოპოვებისთვის ბრძოლა, რაც ყველაფეროლოგებს უტოვებს დიდ სივრცეს საჯარო დისკურსის მონოპოლიზაციისთვის, სხვადასხვა საკითხებზე ნაკლებად ინფორმირებული საზოგადოების ნაწილს კი ტოვებს მათი პრიზმით დანახული სამყაროს ამარა.

საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის საკითხებში, კონტრელიტას ერთგვარად მისიონერული ფუნქცია აკისრია და იგი საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების ფასეულობის დამკვიდრებას და არა კონკრეტული პარტიული ინტერესებისა თუ შეხედულებების ლობირებას ან გამართლებას ემსახურება. ისტორიულად ამგვარი კონტრელიტის მაგალითად ოსმალეთის სულთანთან და ევროპულ ოკუპაციასთან მებრძოლი, ქემალისტური დისკურსის მქონე კონტრელიტა შეიძლება გავიხსენოთ. სწორედაც რომ აქტიური და არა მარგინალური, იზოლირებული ან პარტიული ინტელექტუალიზმი, შედეგზე ორიენტირებული საზოგადო და პოლიტიკური პროცესების კრიტიკული ანალიზი არის კონტრელიტის აქტივობის ვექტორი. ჩნდება კითხვა – ვისთვის უნდა წერდეს და კონსტრუირებდეს დისკურსს ახალი კონტრელიტა?

იგი არ უნდა წერდეს მარგინალი ინტელექტუალებისთვის ან რომელიმე სოციალური კლასისთვის, ან უბრალოდ თავის თავისთვის. ის უნდა ესაუბროს ყველას და მათთვის გასაგებ ენაზე. მისი მიზანია – კრიტიკული აზროვნების ფასეულობის დამკვიდრება, ხოლო საშუალებაა – დისკურსი. მან არ უნდა შექმნას რიგით მოქალაქეებში განცდა იმისა, რომ როგორც ინტელექტუალი, ის არის ერნესტ გელნერის მიერ გაშარჟებული აღმოსავლეთევროპელის პერსონაჟი, რომელიც ვერც თავის ქვეყანას ერგება და ვერც უცხოეთშია „მათიანი". იგი არ უნდა იქცეს არც ტოკვილის „აბსტრაქტული თეორიული განზოგადებების ოსტატად", რომელსაც რეალობის აღქმა აქვს დაკარგული და არარელევანტური თეორიებით საზოგადოების მაჯისცემას ვეღარ გრძნობს. თუ კონტრელიტისთვის ღირებულ ფასეულობას წარმოადგენს ინტელექტი და კრიტიკული აზროვნება, მან უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე საჯარო დისკურსში და ყველაფეროლოგების არაფეროლოგია ჩიპისა და ეშმაკის კომედიას დაამსგავსოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები