ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: მოსამართლე ხარჩილავამ რუსული აგრესია და ძალადობა დააკანონა


სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის პროცესი გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა 26 მაისის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის ტექსტი გააპროტესტა. მან 26 მაისსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის პარალელი გაავლო და მოსამართლე რუსეთის აგენტებს შეადარა. ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება.

“მოსამართლე ხარჩილავამ დააკანონა ძალადობა, დააკანონა რუსული აგრესია და ის მოსამართლეები, ვინც მას მხარს დაუჭერენ, მზად არიან, ყველაფერზე მოაწერონ ხელი. მათ არ გააჩნიათ არც სინდისი და არც ნამუსი. ის მოსამართლე, რომელმაც განაჩენს ხელი მოაწერა, არის სრულიად უნამუსო ადამიანი და თქვენც თუ ხელს მოაწერთ, თქვენც უნამუსოები იქნებით. მე ვარ შეურაცხყოფილი ასეთი განაჩენის გამოტანით, არ წამიკითხავს და კიდევ კარგი, არ წავიკითხე! ეს არის ხელმოწერა რუსული პროპაგანდის. არაფერი მაინც არ დაეწერა მოსამართლეს და ისე ეთქვა, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა, ამას გავიგებდი. მოგიწოდებთ, თქვენი შვილებისთვის, არა ჩემთვის, ძალაში დატოვეთ განაჩენი - მე უნდა ვიჯდე ციხეში, მაგრამ ასეთი სისულელე არ ჩაწეროთ. მე აღარ ვაპირებ ამ სასამართლოზე დასწრებას, სადაც არის თუნდაც ერთი მოსამართლე, რომელმაც ასეთ სამარცხვინო ტექსტს ხელი მოაწერა”, - მიმართა მერაბიშვილმა მოსამართლეს და პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდმა აჩვენა, რა ააცილა შსს-მ ქვეყანას 2011 წლის 26 მაისს.

"ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება. პრორურუსულად განწყობილმა აქტივისტებმა დაიხმარეს გრუ-ს სპეცნაზი და უწევს უკრაინის ხელისუფლებას გამკლავება. ეს იყო ჩანაფიქრი, რაც აღიკვეთა, სამწუხაროდ, ამის აღკვეთისთვის ვანო მერაბიშვილი მსჯავრდებულია" - აღნიშნა ადვოკატმა. 

პროკურორი კი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე წაყენებული ორი ბრალდებიდან ერთ-ერთში დამნაშავედ ცნო და მიუსაჯა პატიმრობა 6 წლის ვადით, თუმცა, ამნისტიის კანონის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოიტანა.

სასამართლოს განმარტებით, "საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ იცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში".

კომენტარები