კაფე-გალერი

კაფე-გალერიში დასაქმებულ ლგბტ პირებზე პოლიციელებმა ინფორმაცია მოითხოვეს

კაფე-გალერის მენეჯერი ვიოლეტა ყოლბაია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ დღეს საღამოს ღამის კლუბში პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მოითხოვეს, მიეცათ ინფორმაცია კლუბში დასაქმებული ლგბტ პირების შესახებ.

"მეგობრებო, პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ კაფე-გალერიში და მოგვთხოვეს, მიგვეწოდებინა ინფორმაცია, ვინ მუშაობს ჩვენთან გეი, ტრანსი ან ლესბოსელი. დაგვეწერა ყველას სახელი, გვარი, ტელეფონი და მისამართი, სად ცხოვრობს.. ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი ინფორმაცია არ გავეცით.. ბოლოს გვითხრეს, არ დაპოსტოთ, თორემ გადაგამტვრევთ კომპიუტერსო", - წერს ყოლბაია ფეისბუქზე. მისივე განცხადებით, სამართალდამცველებმა აღნიშნული ინფორმაციის "ჩატანა" ხვალ, 12 საათამდე მე-7 განყოფილებაში მოითხოვეს.

ყოლბაია ფეისბუქზე ასევე წერს, რომ თავად სამართალდამცველებიც მე-7 განყოფილებიდან იყვნენ. მისივე თქმით, "ჩვენს დაცვის უფროსს ჰკითხეს, ბოლოს როდის იჩხუბე, ბიჭო? ამან უპასუხა, არ მახსოვსო და პოლიციელმა უთხრა - ჰოდა, ახლა მოგიწევს 17-შიო".

კომენტარები