ლგბტ პირთა მიმართ ძალადობა

EMC: ყოველი მესამე ლგბტ პირი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC, ლგბტ პირების მიმართ 2012-2014 წლებში ძალადობის ანალიზი წარმოადგინა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობის ხშირი შემთხვევები, მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესების კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც ბოლო პერიოდში საზოგადოებაში მზარდი ჰომოფობიური სიძულვილით განპირობებული მიდრეკილებებითა და სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანის უფლებათა დარღვევის გახმაურებულ შემთხვევებზე (განსაკუთრებით, 2013 წლის 17 მაისს და მის შემდგომ ჩადენილი აგრესიული ქმედებები – ძალადობა, დევნა, მუქარა და სხვა) სახელმწიფოს არაეფექტური რეაგირებითა და პასიურობით უნდა აიხსნას.

”ლგბტ პირები ხშრად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას. ორგანიზაცია „იდენტობას" მიერ, სხვადასხვა დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ორი წლის განმავლობაში, ყოველი მესამე ლგბტ ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ლგბტ პირების მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია ცემა, სექსუალური იძულება და სექსუალური ძალადობა.

თავდასხმის სუბიექტები უფრო ხშირად უცხო პირები არიან. ამასთან, როგორც წესი, თავდასხმები ხდება სპონტანურად და ჯგუფურად. საქართველოში ლგბტ ადამიანების 89% ერთხელ მაინც ყოფილა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი განვლილი ორი წლის განმავლობაში. საქართველოში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობას ყველაზე მეტად განიცდიან ლგბტ ახალგაზრდები 18-დან 26 წლამდე. ამასთან, ლგბტ პირები უთანასწორო მოპყრობას განიცდიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: ოჯახი, კაფე-ბარები, სამედიცინო მომსახურება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები, შრომითი ურთიერთობები” - აცხადებს EMC.

კომენტარები