საქართველოს მთავრობა

TI: მთავრობა ტელეკომპანია მაესტროს კრიტიკული სიუჟეტის გამო არ უნდა კიცხავდეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, "მთავრობა ტელეკომპანია მაესტროს კრიტიკული სიუჟეტის გამო არ უნდა კიცხავდეს". ორგანიზაცია პრემიერის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებებზე ჟურნალისტ ვახო სანაიას მომზადებული გადაცემა გააკრიტიკა.

TI-ს აზრით, მთავრობის ასეთი ტონი შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი მედიაგარემო სწორედ იმას გულისხმობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გამოთქმული განსხვავებული და კრიტიკული აზრი მთავრობის თავდასხმის მიზეზი არ ხდება.

TI აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი მთავრობა ცალკეული ჟურნალისტების საქმიანობას საჯაროდ აფასებს და ცდილობს მედიის წარმომადგენლებს "ასწავლოს“, თუ რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მსგავსი განცხადებები შეიძლება გზავნილად ჩაითვალოს სახელმწიფო მოხელეების მიმართ, რომ მედიასთან ურთიერთობის ეს ფორმა ნორმას წარმოადგენს.

"ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. ასევე, ხელისუფლების საქმიანობისა და პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების კრიტიკული ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რათა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს. მედიის მხრიდან მთავრობის მუშაობის მონიტორინგი და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. სწორედ ეს, ხშირად უსიამოვნო, საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სისტემის დამკვიდრებას" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული მედიაგარემო ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად მიაწოდონ მოსახლეობას კრიტიკული ინფორმაცია სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით.

"რაც ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს როგორც უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. ეს არ შეიძლება გახდეს კრიტიკისა და მედიის საქმიანობაში ჩარევის საბაბი" - დასძენს არასამთავრობო ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დაპირებებზე კრიტიკიკული გადაცემის მომზადების გამო, დღეს ტელეკომპანია მაესტრო ტენდენციურობაში მთავრობამ დაადანაშაულა. პარტიის ნაცვლად, განცხადება საკუთარ ვებგვერდზე სწორედ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა. პრემიერის პრესსამსახურის შეფასებით, ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია მაესტროს 18 მაისის გადაცემას, რომელიც ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ქართული ოცნების დაპირებებს მიუძღვნა. მთავრობის განცხადებით, სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს, ხოლო ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა.

კომენტარები