0 კომენტარი

ახალ ან უკვე გარდასულ თაობას ხშირად მიაწებებენ ხოლმე სახელწოდებას. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც: 1980 და ადრეული 90-იანი წლების შვილები ახლა იმ ასაკში არიან, რომ მშობლებისგან მატერიალურად დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ასეთი მომავლის იმედით მშობლებმა შვილები ერთხელ უკვე გაუშვეს სახლებიდან, მაგრამ ისინი უკან დაბრუნდნენ და კვლავაც ბრუნდებიან. ეს ფაქტი გახდა მათთვის სახელის შერქმევის მიზეზი. დასავლეთის ქვეყნებში ამ თაობას ბუმერანგის თაობა ეწოდა.

თავდაპირველად ეს სოციალური ცვლილება ამერიკაში აღმოაჩინეს. როგორც კვლევებმა აჩვენა, დღეს 18-დან 34-წლამდე ასაკის ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ასეთი ტენდენცია არც ევროპის ქვეყნებისთვისაა უცხო. ესპანეთში ახალგაზრდათა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, გაიზარდა და 67%-ს შეადგენს, იტალიაში – 60.7%-ს. თუმცაღა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მშობლებთან ერთად ცხოვრება და, ზოგადად, მრავალთაობიანი ოჯახები ნორმად ითვლება და ტრადიციის ნაწილს წარმოადგენს. საქართველოც ერთ-ერთ ასეთ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და აქ მრავალთაობიანი ოჯახების არსებობა არავის უკვირს.

მაგრამ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდები მუდმივად ისწრაფოდნენ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ და გარკვეულ ასაკში მშობლების სახლიდან წასვლა ნორმად და აბსოლუტურად მოსალოდნელ მოვლენად ითვლებოდა, აღნიშნული ტენდენცია დიდ თავსატეხს წარმოადგენს. რატომ და რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს სოციალური და კულტურული ცვლილება? თან ძნელი წარმოსადგენია, რომ თანაცხოვრება არ უჭირდეთ სხვადასხვა თაობის ადამიანებს, რადგან თითქმის შეუძლებელია, თაობათა მსოფლმხედველობას შორის განსხვავება არ იყოს, რაც წესით უნდა ართულებდეს ურთიერთობას. მაგრამ კვლევათა შედეგები სხვა სურათს გვაჩვენებს: უმრავლესობა ახალგაზრდებისა, რომლებიც რაღაც პერიოდის განმავლობაში დამოუკიდებელი ცხოვრების შემდეგ სახლში დაბრუნდნენ, კმაყოფილები არიან საკუთარი გადაწყვეტილებით.

ერთი მხრივ, ეს კმაყოფილება შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ბუმერანგის თაობის წარმომადგენლებს მშობლების სახლში დაბრუნებით ცხოვრება გაუმარტივდათ. შეიძლება, ისინი იმდენ რესურსსა და დროს აღარ ხარჯავენ საყოფაცხოვრებო საქმეებზე, როგორც ადრე, მარტო ცხოვრებისას. ოჯახში დაბრუნებით, უკან, ბავშვობაში დაბრუნდნენ და მშობლების კმაყოფაზე დაიწყეს ცხოვრება, ერთგვარ პარაზიტებად იქცნენ ოჯახისთვის. ფსიქოლოგები ამ ფაქტის უამრავ ახსნას პოულობენ, პირველ რიგში, ისინი თაობას აღზრდის მსხვერპლებად მიიჩნევენ. ფიქრობენ, რომ ამ ახალგაზრდებმა ან ვერ მიიღეს საკმარისი ყურადღება ბავშვობაში და ამიტომ ბრუნდებიან უკან, ან პირიქით, მუდმივად მშობლების კონტროლის ქვეშ იყვნენ, მშობლები უწყვეტდნენ ყველა პრობლემას და ახლა ამიტომ ვერ ერგებიან რეალურ სამყაროს. მაგრამ, კვლევების მიხედვით, სახლში დაბრუნებული ახალგაზრდები არც მთლად პარაზიტებად იქცევიან: მათი დიდი ნაწილი მშობლებს სახლის ქირას უხდის და კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარება. ახალგაზრდათა უმეტესობა ნახევარ განაკვეთზე მაინც მუშაობს ან აქტიურად ეძებს სამუშაოს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს.

ეს ტენდენცია უნიკალური მაგალითია იმის, თუ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს თაობები. ძალიან უცნაურია, მაგრამ როგორც ჩანს, ამ თაობებს შორის მსოფლმხედველობითი განსხვავება არც ისე შესამჩნევია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის უბრალოდ ძალიან რთული და კონფლიქტური იქნებოდა თანაცხოვრება. მშობლები ე.წ. ბები-ბუმერის, შვილები კი – მილენიუმის თაობას განეკუთვნებიან. ისე მოხდა, რომ მათ შორის დიდი კულტურული განსხვავება არ არის. ამ ორი თაობის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ერთ ფასეულობებზე გაიზარდა, ერთ მუსიკას უსმენენ, ერთ კინოს უყურებენ, ხშირად ერთნაირ პოლიტიკურ შეხედულებებსაც იზიარებენ. ოდესღაც ბები-ბუმერებმა სექსუალურ თავისუფლებას მიაღწიეს, ასე რომ, არც ეს საკითხი წარმოადგენს თაობებს შორის დიდი დავის საგანს. ეს არის ის კულტურული მსგავსებები, რომლებიც ხელს უწყობენ დასავლეთის ქვეყნების ახლანდელი ოჯახების სიმყარეს. შესაძლოა, ამ მსგავსებებში იმალება იმის მიზეზი, რომ წარმოიქმნა თაობა, სახელწოდებით ბუმერანგი.

მაგრამ, აბსურდულია, უარი თქვა საკუთარ, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე და მშობლებთან დაბრუნდე მხოლოდ იმის გამო, რომ მათ კარგად ეწყობი. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ტენდენციის გაჩენისა იმ ეკონომიკურ სირთულეებში უნდა ვეძებოთ, რომელთა გამოვლაც ბუმერანგის თაობას მოუწია. იყო ადრეული 2000-იანი წლების, შემდგომ კი 2007-2008 წლების კრიზისი. 2011 წელს ამერიკაში Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახელწოდებით "Young, Underemployed and Optimistic" ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ იმ თაობას მიაყენა, რომელსაც ახლა ბუმერანგის სახელით მოიხსენიებენ.

სამუშაო ბაზარზე დასაქმების მაჩვენებელიც ამ ფაქტს ადასტურებს. კვლევამ აჩვენა, რომ 18-24 წლის ახალგაზრდათა მხოლოდ 54%-ია დასაქმებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით კი, ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, დღეს, ახალგაზრდისთვის სამუშაოს პოვნა უფრო რთულია, ვიდრე ეს მათი მშობლების, ანუ ბები-ბუმერის თაობისთვის იყო. ახლა, იმასთან ერთად, რომ ახალგაზრდათა დასაქმება პრობლემას წარმოადგენს, გაზრდილია საცხოვრებელი ხარჯები. დასაქმებული ახალგაზრდებისთვის მიუღწეველ ოცნებად რჩება ფულის შეგროვება უძრავი ქონების შესაძენად, საკუთარი ოჯახის შესაქმნელად. მათთვის ზრდასრული ცხოვრება გვიან იწყება. ყოველი წარუმატებელი ცდის შემდეგ დამოუკიდებელ ცხოვრებაში, ისინი მშობლებთან ბრუნდებიან და აგრძელებენ ინფანტილურ ყოფას.

ეს პრობლემა იმდენად მწვავედ დგას, რომ იტალიის პრემიერმინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, მოსახლეობას ნაციონალურ პროგრამასაც კი სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდებს თვიურად გადაუხდიდნენ 500 ევროს, ოღონდ მათ მშობლების სახლი უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ არა მგონია, ტიპურმა იტალიელმა "Bamboccione"-მ, რომელიც უკვე 40 წლისაა და ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, თუნდაც 500 ევროს სანაცვლოდ, უარი თქვას იმ კომფორტზე, რასაც ოჯახი უქმნის.

იტალიის მაგალითი, როგორც ქვეყნის, სადაც მშობლებთან თანაცხოვრება ტრადიციაა და, ფაქტობრივად, არ არსებობს ზღვრული ასაკი, რომლის მიღმაც ახალგაზრდამ უნდა დატოვოს სახლი, ძალიან ჰგავს საქართველოსას. საქართველოში წლების განმავლობაში უცნაურად ითვლებოდა, თუ ახალგაზრდა გადაწყვეტდა მშობლებისგან დამოუკიდებლად ეცხოვრა და საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველეყო. შესაძლოა ეს საზოგადოების კონსერვატორული აზროვნების შედეგია. ამას კიდევ უფრო ართულებდა ის გარდატეხა, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა. სახელმწიფო მოწყობისა და ცხოვრების სისტემის შეცვლამ, ძველი თაობისთვის რთული გახადა სიახლესთან შეგუება, ახალგაზრდა თაობას კი გამოცდილება არ გააჩნდა. თანაც, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის საკითხში მუდმივად იგრძნობოდა ერთგვარი დისტანცირება დასავლური ტრადიციისგან.

როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ახალგაზრდათა დასაქმება საქართველოშიც პრობლემას წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ადამიანებში და 36.9%-ს წარმოადგენს. 20-24 წლის ასაკის წარმომადგენელთათვის ეს რიცხვი 32.2%-ს შეადგენს. ასაკის მატებასთან ერთად, უმუშევრობის დონე თანდათანობით იკლებს. ამ რიცხვებს სხვადასხვა მიზეზები აქვს. რაღაც აზრით, ეს განპირობებულია თვითონ ახალგაზრდის მხრიდან მუშაობის დაწყების სურვილის არქონით ან არარეალური წარმოდგენებით იმაზე, თუ რა კვალიფიკაცია გააჩნია მოცემულ მომენტში.

ლოდინის პროცესი წლობით გრძელდება და იშვიათად თუ მოაქვს შედეგი. მეორე მხრივ, ხშირ შემთხვევაში, თვითონ დამსაქმებლები უყენებენ ახალგაზრდებს არარეალურ მოთხოვნებს. ყველაზე დიდ პრობლემას, ჩემი აზრით, ახალგაზრდათა გამოცდილება წარმოადგენს. დამსაქმებლებს არ სჭირდებათ გამოუცდელი ახალგაზრდები. არც უმაღლესი სასწავლებლები ზრუნავენ დიდად იმაზე, რომ სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა მისცენ. სხვათა შორის, დავოსში ახალგაზრდათა უმუშევრობის პრობლემის ორიგინალური გამოსავალი იპოვეს. ახალგაზრდებს შესთავაზეს სამუშაო ადგილები, მაგრამ ისინი ხელფასის გარეშე იმუშავებენ. ამ შემოთავაზების იდეა ისაა, რომ ახალგაზრდებმა გამოცდილება შეიძინონ, რაც მათ შემდგომში დაეხმარება სამუშაო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში.

მიუხედავად ეკონომიკური და ახალგაზრდათა დასაქმების პრობლემებისა, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში თანდათან ყალიბდება დამოუკიდებელი ცხოვრების კულტურა. მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის ეს ჯერ კიდევ არ იქცა მასობრივ ფენომენად. რადგან ახალგაზრდის სახლიდან წასვლა ჩვენთან ჯერჯერობით ტრადიციად არ ქცეულა, შვილისთვისაც რთულია გადაწყვეტილების მიღება და მშობლისთვისაც, ასეთი შემთხვევები გამონაკლისებად აღიქმება. ჩვენთან მშობლები მუდმივად ცდილობენ თვითონ მოაგვარონ შვილის პრობლემები, ვერ ხვდებიან, რომ ამით შესაძლოა მას ხელს უშლიან, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელიც საკუთარ თავზე თავად აგებს პასუხს. თუ დასავლეთში მიდიან სახლიდან და უკან ბრუნდებიან წარუმატებლობის გამო, მათ ბუმერანგ თაობას უწოდებენ, საქართველოში კი ხშირად პირველ გასვლასაც ვერ ახერხებენ ოჯახიდან – დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოება ნელ-ნელა ცხოვრების დასავლურ მოდელზე გადადის, დასავლეთი ამ მოდელს ცვლის. სოციოლოგ ქეთრინ ნიუმენის აზრით, რომელმაც ბუმერანგი თაობის თემას მთელი წიგნი მიუძღვნა, სახელწოდებით "The Accordion Family", დასავლეთმა მსოფლმხედველობა შეიცვალა და თუ ადრე თაობების თანაცხოვრება დისფუნქციად ითვლებოდა, ახლა თანდათანობით ნორმად იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ასეთ სტილს ბევრი აკრიტიკებს. ნიუმენი ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ ფენომენის გაჩენიდან დიდი დრო არ გასულა იმისთვის, რომ კულტურულ ცვლილებებზე ვისაუბროთ, მაგრამ ცვლილებები შესაძლოა ნამდვილად მოხდეს, თუკი ეს ტენდენცია შემდგომი ათი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.

შეგვიძლია აღზრდის მეთოდს, მშობლების ზედმეტ ყურადღებას ან სხვა მრავალ ფსიქოლოგიურ ფაქტორს მივაწეროთ პრობლემის წარმოქმნა, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ უძღები შვილები სახლში ეკონომიკური პრობლემების გამო ბრუნდებიან. ამას ისიც ადასტურებს, რომ ქვეყნებში, რომლებშიც ახალგაზრდებისთვის მისაღები მოდელი ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრებაა და მათ სახელმწიფო უწევს მატერიალურ დახმარებას, ბუმერანგი თაობის პრობლემა არ არის აქტუალური. ასეთი ქვეყნებია დანია და შვედეთი. ამ ქვეყნებში სახელმწიფო ახალგაზრდებს განათლებისთვის და საცხოვრებლისთვის სუბსიდიებს გამოუყოფს. ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო დამოუკიდებლები არიან და იშვიათად თუ ბრუნდებიან მშობლების სახლში. რთულია, სახელმწიფოსგან ეკონომიკური პრობლემების პირობებში ახალგაზრდებისთვის სუბსიდიები მოვითხოვოთ, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, გვიღირს თუ არა მომავალში ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, რომლის ახალგაზრდობის მზერა მუდმივად წარსულისკენ და წინა თაობისკენ იქნება მიმართული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები