გიგი უგულავას საქმე

სასამართლომ უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერება არაკონსტიტუციურად ცნო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს "ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას".  სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ხალხის მანდატის შეჩერებას ან შეწყვეტას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში ერთ-ერთ ყველაზე უხეშ ჩარევას.

"სადავო ნორმა არჩეული მერის ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას იძლევა (კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, რა ვადაში მიიღება სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება). ამდენად, არსებობს რისკი, რომ თანამდებობიდან გადაყენების დროებითი ღონისძიება ფაქტობრივად თანამდებობიდან გადაყენებას გაუთანაბრდეს.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინების პერიოდული გადასინჯვის ან გაუქმების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ გადაყენების მიზანი - თანამდებობის პირის მიერ გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხე აღარ არსებებს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერება ან გადაყენება შესაძლებელია, მაგრამ ამგვარი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად, რომელთა დაუცველობა, პირველ რიგში, შეუქცევადად დაარღვევს თავად ამომრჩევლის ინტერესებს. ამავე დროს, ასეთი ჩარევა ზედმიწევნით ცხადი, მკაცრად რეგლამენტირებული პროცედურის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და ეფუძნებოდეს ინტერესების სამართლიან ბალანსს. ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივია ჩარევა, მით უფრო მაღალია უფლების დარღვევის ხარისხი" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო და აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე პირის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის კონსტიტუციური უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვას წარმოადგენს.

"თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვა საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას, მატერიალური და საპროცესო საკითხების შეფასებას. კანონმდებლობა არ უნდა უშვებდეს იმის შესაძლებლობას, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მეორე მხარისათვის შეტყობინების და მისთვის დაცვის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის უფლება, სასამართლოს წინაშე წარადგინოს საკუთარი პოზიცია და დაიცვას თავი უშუალოდ ან/და წარმომადგენლის მეშვეობით, რაც შეამცირებს სასამართლოს მიერ შეცდომის დაშვების რისკს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მხარეთა შეჯიბრებითობისა და, შესაბამისად, პირის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების დაცვა" - განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო.

გადაწყვეტილების გამოცხადებას თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა. 

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები