იმედის ფესტივალის ბილბორდები აუთდორ.ჯი-მ აეროპორტის გზიდან ჩამოხსნა

იმედის ფესტივალი
hopefestival.ge

აეროპორტის გზიდან, 6-8 ივნისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილი მასშტაბური საევანგელიზაციო ღონისძიების ”იმედის ფესტივალის” ბილბორდები განმთავსებელმა კომპანიამ, აუთდორ.ჯი-მ, გუშინ, 22 მაისს ჩამოხსნა. ფესტივალის პიარმენეჯერის ლელა ხონელიძის განცხადებით, ეს მათთვის მოულოდნელი იყო. ხონელიძე ფაქტს რელიგიურ დისკრიმინაციას უკავშირებს:

”1 მაისს აიპ "იმედის საერთაშორისო ფესტივალსა" და შპს "აუთდორ მედია ჰაუსს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება 6-8 ივნისს სპორტის სასახლეში დაგეგმილი ფესტივალის რეკლამირების შესახებ. შეთანხმების საფუძველზე რეკლამა თბილისში 18 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით უნდა ყოფილიყო. სხვა შეკვეთებთან ერთად, კომპანიას 4 ბილბორდის განთავსება შევუკვეთეთ. ეს გახლავთ აეროპორტის გზაზე. აქედან 22 მაისამდე მხოლოდ 3 განათავსეს და ის სამიც 22 მაისს სხავა ორგანიზაციის ბანერებით ჩაანაცვლეს. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღია "იმედის ფესტივალს" - მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, როცა ჩამოხსნეს.

როდესაც პასუხი მოვთხოვეთ კომპანიის მენეჯერს ბიძინა ფირცხალაიშვილს (კომპანიის დირექტორი კატეგორიულად არ დაგვეკონტაქტდა) მან განგვიცხადა: როდესაც პრემიერმინისტრი ბრიუსელიდან დაბრუნდება (27 მაისს) არ უნდა, რომ სხვა სახის რეკლამა იყოს, მხოლოდ პატრიოტულიო. არ ვიცი იმედის ფესტივალი რატომ არის არაპატრიოტული და ლამაზმანი, რომელიც ახლა მის ადგილას გამოფინეს - პატრიოტული. 27 მაისის შემდეგ ისევ გავაკრავთო, რაც ჩვენ დიდი ტყუილი გვგონია. ჩვენ თანხა უკვე გადახდილი გვაქვს და ხელშეკრულება ხელმოწერილია. სხვა ხელშეკრულებაც გვაქვს, მაგალითად მეტროში ბანერების განთავსება და იქაც დაახლოებით შეკვეთილის 50 პროცენტი განათავსეს მხოლოდ გუშინ, ნაცვლად 18 რიცხვისა. ჩვენ მივიჩნევთ რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ კონტრაქტის უხეშ დარღვევასთან და უპატივცემულობასთან, არამედ ჩვეულებრივ რელიგიურ დისკრიმინაციასთან. ეს არა მხოლოდ დანაშაულია, არამედ ქართულ დემოკრატიას კიდევ ერთხელ შეარცხვენს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს სარეკლამო ბიზნესში”, - განუცხადა ტაბულას ხონელიძემ.

აუთდორ.ჯი-ს მენეჯერმა, ბიძინა ფირცხალაიშვილმა ტაბულას განუცხადა, რომ არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს. კომპანიის დირექტორმა, კოტე ჭავჭანიძემ ტაბულასთან უარყო, რომ ბილბორდების ჩამოხსნა პრემიერის სურვილით მოხდა. მისი თქმით: ”პრემიერი არაფერ შუაშია. საარჩევნო სიების არავის ამბავი იყო, ანუ, არჩევნების პერიოდს დაემთხვა რეალურად, სიები აგვერია და კომპენსაციის სახით გადავუკიდებთ უფრო დიდ ბილბორდზე, რეალური სურათი ეგ არის”, - განაცხადა ჭავჭანიძემ.
 
კითხვაზე, რატომ არ შეატყობინეს ამის შესახებ წინასწარ იმედის ფესტივალს, კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ მასთან დღეს იყვნენ მისულები ფესტივალის წარმომადგენლები: ”ხელშეკრულება გადავაკეთეთ და გამოვიდა, რომ იხეირეს, რადგან უკეთეს ადგილას აიღებენ უფრო დიდ ბილბორდს. ანუ ტექნიკური შეცდომა იყო, უბრალოდ სიები აგვერია არჩევნებზე და მაგათზე გავაქირავეთ ერთი და იგივე ფართი”, - განუცხადა ტაბულას ჭავჭანიძემ.
 

ლელა ხონელიძემ ტაბულასთან საუბარში უარყო, რომ ხელშეკრულება გადაკეთდა. მისი თქმით, ის ამას პასუხად ვერ მიიღებს, - ”4 დღის მანძილზე იყო განთავსებული და შემდეგ გაარკვიეს, რომ აერიათ, მით უფრო, რომ ჩვენთან საუბრის დროს მსგავსი არაფერი უთქვამთ და თუ მართლაც ასე იყო, რატომ ჩამოხსნის შესახებ წინასწარ არ შეგვატყობინეს. ეს უფრო მავანის დაკვეთას ჰგავს, ვიდრე ტექნიკურ შეცდომას. და ჩვენთვის ხეირი ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობაა”.

იმედის ფესტივალს უმსხვილესი ამერიკული პროტესტანტული ორგანიზაციის - ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის (BGEA) დირექტორი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის "სამარიტელთა ქისა" (Samaritan´s Purse) პრეზიდენტი, - ფრანკლინ გრემი დაესწრება. ბილი გრემი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რელიგიური ლიდერია.

კომენტარები