ასოცირების შეთანხმება

TI: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, "ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს". ორგანიზაციის განცხადებით, "ასოცირების შეთანხმების პარაფირება მთავრობის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მოხდა, რაც თავისთავად საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების განხორციელების აქტს წარმოადგენს". რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, TI-ს განმარტებით, მას, როგორც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირს, კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, უმაღლეს დონეზე წარმოადგინოს ქვეყანა. 

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, რომელსაც პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და ის ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

თუმცა, კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილია,რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურია და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის (ა) ქვეპუნქტიც სწორედ პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, მთავრობასთან შეთანხმებით დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და იქვე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა ან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირმა მოაწეროს ხელი.

"ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ხელშეკრულებას ხელს სხვა პირი მოაწერს" - აცხადებს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერმინისტრი მოაწერს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ყველა სახის საერთაშორისო მოქმედებები მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება და პრეზიდენტის ხელმოწერა აუცილებლად საჭიროებს პრემიერის კონტრასიგნაციას.

თადუმაძის თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცედურებზე პრეზიდენტს არ მიუღია გადაწყვეტილება მოლაპარაკების წარმოებაზე და მთავრობასაც არასოდეს მიუცია მისთვის უფლებამოსილება - ევროკავშირთან მოლაპარაკებები განეხორციელებინა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს საქართველოს პრემიერი მოაწერს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღის განმავლობაში უპასუხებს.

ტაბულას კითხვაზე: როგორ აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის გადაწყვეტილებას, გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურში უპასუხეს, რომ "განცხადება აუცილებლად გავრცელდება დღის განმავლობაში".

კომენტარები