კეზერაშვილის საქმე

სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კონტრაბანდული სპირტის საქმეზე დავით კეზერაშვილი გაამართლა.

კეზერაშვილს ბრალად სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამის სახით აღება ედებოდა.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბიზნესმენი კეზერაშვილი სიძესთან, მეირ ჯანაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ჯანაშვილი სასამართლომ ქრთამის აღების საქმეში გაამართლა, თუმცა, ჯანაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით - კონტრაბანდაში, 362-ე მუხლით - ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და 210-ე მუხლით - ყალბი ანგარიშწორების  ბარათის გამოყენებისთვის დამნაშავედ სცნეს. მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეეფარდა. დაცვის მხარე ჯანაშვილის განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

რაც შეეხება კეზერაშვილს, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ის საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს.

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილზე საქართველოში აღძრულ საქმეებს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ერთი, კონტრაბანდული სპირტის საქმეა, მეორე კი - ტელეკომპანია იმედის და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრალდებულია გიგი უგულავასთან ერთად. რაც შეეხება მესამე ბრალს, დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ალექსანდრე ნინუასთან ერთად, ბიუჯეტის გაფლანგვით, 5 მილიონამდე ევროს მითვისებას ედავებიან.

კომენტარები