საქართველოს ეკონომიკა

მთავრობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ინვესტორებს შეღავათებს დაუწესებს

მთავრობის ეკონომიკური გუნდი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ინვესტორებისთვის შეღავათების დაწესებაზე იმუშავებს
SalFalko / Meritus Media

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი ქართული დიასპორის დღეებს მასპინძლობს

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა კონფერენციის ფარგლებში ახალი ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში უცხოეთში მცხოვრები ქართველების მფლობელობაში არსებული კაპიტალის შემოდინების ზრდას. 

მთავრობის ინიციატივა ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენებისთვის შეღავათების დაწესებას, იმ შემთხვევაში თუ ისინი საქართველოში გააკეთებენ ინვესტიციას. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის მოზიდვა და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში. მე მესმის, რომ ამისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რომ მათ ისევე კომფორტულად იგრძნონ თავი საკუთარ სახლში. ამიტომ მე მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და  დავავალო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფიქრი და მუშაობა ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ქართული დიასპორისთვის  ინვესტიციების კუთხით ფინანსური შეღავათების შემოღებას გულისხმობს" - ამბობს ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ ინიციატივის შესახებ დეტალებზე ცოტა ხანში ისაუბრებდა, როდესაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამაზე მუშაობას დაასრულებდა. 

ინიციატივის შესაძლო ეკონომიკურ შედეგებზე ტაბულა ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა. ლექვინაძე ამბობს, რომ ბიზნესგარემოს სტიმულირებისათვის დაწესებული საგადასახადო თუ სხვა ტიპის შეღავათები მისასალმებელია, თუმცა ამასთანავე არ უნდა დაირღვეს თანაბარი პირობები და კონკურენტუნარიანობა ბაზარზე.

საკითხავია, რამდენად დაინტერესდებიან ეს ადამიანები რომ გარისკონ და ჩამოვიდნენ საქართველოში. ამისათვის აქტიური მუშაობა და კომუნიკაციაა საჭირო. სამართლებრივი გარანტიები არის ყველაზე მთავარი, რომ ის პირობები, რა პირობებიც დღეს არსებობს, იქნება გარანტირებული. ამ გარანტიების დარეგულირება უნდა მოხდეს საინვესტიციო ხელშეკრულებებით. თუ ამბობს მთავრობა, მაშინ უნდა გააკეთოს ის, რასაც ამბობს, სხვა შემთხვევაში დავკარგავთ ნდობას - ამბობს ლექვინაძე. 

ლექვინაძე ხაზს უსვამს საქართველოში ფულადი გზავნილების შემოდინებას, რომელიც 2013 წლის მონაცემებით 1მლრდ 480 მილიონ დოლარამდეა, რაც მისი თქმით კარგად გამოხატავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ინვესტირების პოტენციალს და კაპიტალის მოცულობას. 

ეკონომისტის თქმით, მთავრობის ფოკუსი უნდა იყოს მიმართული ინვესტორებისათვის სამართლევბრივი გარანტიების მიცემასა და საკუთრების უფლების დაცვაზე. ამასთანავე, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას არათანაბარი პირობები. საინვესტიციო შეღავათები უნდა ვრცელდებოდეს როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსა და უცხოეთის მოქალაქეებზე. ამის მაგალითად ახალი სამთავრობო პროგრამა აწარმოე საქართველოში მოჰყავს, რომელიც მისი აზრით კარგი საკომუნიკაციო შესაძლებლობაა ინვესტორებთან, რათა ისინი დაფიქრდნენ საქართველოს ბაზარზე შემოსვაზე. 

ლექვინიძის მოსაზრებას თანასწორ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ეთანხმება იურისტი ზაზა ბიბილაშვილი. მისი თქმით, შეღავათი უნდა შეეხოს ყველას ერთნაირად, სხვა შემთხვევაში ხსენებული ინიციატივა უსამართლოა და სერიოზული კორუფციის საფრთხეს შეიცავს.

ბიბილაშვილი ტაბულას არსებულ საინვესტიციო გარემოსა და არსებულ სამართლებრივ გარანტიებზეც ესაუბრა. 

დღეის მდგომარეობით, სამართლებრივი გარანტიები არსებობს და ისინი ყველასათვის ერთნაირია - როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის; მათ შორის უცხოეთში მაცხოვრებელი ქართველებისთვის - თუ არ ჩავთვლით ბოლო წლინახევრის განმავლობაში უცხოელთა მიერ ინვესტირების შეზღუდვისკენ გადადგმულ კონკრეტულ საკანონმდებლო ნაბიჯებს. ამისი ერთ-ერთი დასტურია მე-8 ადგილი მსოფლიოში მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, რაც 2004 წლიდან წარმოებული რეფორმების და კონკრეტული ხედვის შედეგია - ამბობს ბიბილაშვილი. 

ტაბულა იურისტს საინვესტიციო ეკონომისტი ლექვინაძის მიერ დასმულ აქცენტზე, კონტრაქტების ძალასა და სამართლებრივ გარანტიებზე დაყრდნობის რისკიანობაზეც ესაუბრა. ბიბილაშვილის თქმით, სამართლებრივად გარანტია იმისა, რომ მთავრობის ცვლილების შემთხვევაში შეღავათიანი პირობები და შექმნილი ბიზნეს სტიმულები ძალაში დარჩება, რიგ გარიგებებში გვხვდება (ყველაზე ხშირად გაზისა და ნავთობის ოპერაციებში), თუმცა პრაქტიკული განხორციელების კუთხით ეს საკითხი პრობლემატურია. 

სამართლებრივი გარანტიის არსებობის მნიშვნელობაზე 2013 წელს გამოცხადებული მიწის შესყიდვებზე დაწესებული მორატორიუმიც მეტყველებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიერ ლიბერალიზებული მიწის გასხვისების პოლიტიკით მოზიდულ ინვესტორებს დამატებითი მიწების შესყიდვის სურვილის შემთხვევაში ხელ-ფეხი შეეკრათ. ამაზე ირაკლი ლექვინაძეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს რომ ეს პრაქტიკა გასაუქმებელია. მისი თქმით, წამყვანი საინვესტიციო სექტორები ენერგეტიკა, ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებია.

იმისათვის, რომ სასოფლო-სამეურნეო სექტორში ინვესტიცია ჩაიდოს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს უნდა ჰქონდეს საშუალება რომ მოახდინოს მისთვის საინტერესო სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაცია. 

ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მიიღოს ახალი კანონები ან შეცვალოს არსებული კანონები მეტი რეგულირებისა და შეზღუდვების დაწესების კუთხით. ამ სუვერენულ უფლებაზე ერთი კონკრეტული ხელისუფლება უარს ვერ განაცხადებს, ამიტომ კონკრეტული მთავრობის კონკრეტული დაპირებით შემოსული ინვესტორი ყოველთვის გაწბილებული დარჩება. მსგავსი სიტუაციიდან გამოსავალი სამართლიანი სისტემა და კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებაა - ამბობს ის. 

"უნდა იყოს სამართლიანი სისტემა და კანონის უზენაესობა, რომელიც უზრუნველყოფს თანასწოს პირობებს ყველასათვის და არა კონკრეტული ჩინოვნიკების ან ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე დაფუძნებული პრივილეგიები, რომლებიც ისევ კორუფციის ჭაობში დააბრუნებს ქვეყანას"

ამ ეტაპზე, პრემიერმა მხოლოდ ინიციატივა გააჟღერა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ამ  მიმართულებით მუშაობის დაწყებაზე ფიქრი დაავალა. ეკონომისტი ლექვინაძე და იურისტი ბიბილაშვილი იმედოვნებენ, რომ მთავრობა თანაბარ პირობებში ჩააყენებს ნებისმიერ ინვესტორს, სხვა შემთხვევაში ნებისმიერი პრივილეგია ნებისმიერი ჯგუფის მიმართ წარმოშობს კორუფციის, თვალთმაქცური გარიგებების და საბოლოო ჯამში, არაჯანსაღი ეკონომიკური ტენდენციების განვითარების საფრთხეს. ეკონომიკის სტიმულირების ამგვარი მიდგომა ჩვენ უკვე გამოვლილი გვქავს 90-იან წლებში და მასზე უარი გვაქვს ნათქვამი, როგორც არაეფექტიანზე - ამბობს ბიბილაშვილი. 

კომენტარები