დავით კეზერაშვილის საქმე

შოთაძე: კეზერაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. შოთაძის თქმით, პროკურატურა დავით კეზერაშვილის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილს გაეცნო და ჯერჯერობით უცნობია, რითი ასაბუთებს სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

"დავით კეზერაშვილის გამართლებას რაც შეეხება, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, თუმცა ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს მხოლოდ სასამართლოს სარეზოლუციო გადაწყვეტილება. ასე რომ, არ ვიცნობთ, სასამართლო რითი ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამ სასამართლომ, რომელმაც გაამართლა დავით კეზერაშვილი, გაამტყუნა მეირ ჯანაშვილი, რომელიც არის კეზერაშვილის დის ქმარი. ჯანაშვილი ექვსი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოდან საფრანგეთში სპირტის კონტრაბანდას. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენთვის გაუგებარია, რადგან ვედავებოდით იმას, რომ დავით კეზერაშვილი "კრიშავდა" თავის დის ქმარს, რომელიც იყო საქართველოში სპირტის ბიზნესის მონოპოლისტი", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ე.წ. სპირტის კონტრაბანდის საქმეში სრულად გამართლდა. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გუშინ გამოაცხადა. კეზერაშვილის და მისი მეუღლის უძრავ-მოძრავ ქონებას გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ყადაღა მოეხსნება. მათ შორის, ყადაღა აეხსენება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ანგარიშებსაც.

კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდა და 13 მილიონამდე თანხის ქრთამად აღება ედებოდა ბრალად. ამასთან, სასამართლომ ამავე საქმეზე დამნაშავედ ცნო კეზერაშვილის სიძე მეირ ჯანაშვილი.

ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გაათავისუფლა.

კომენტარები