წინასაარჩევნო გარემო

კახა კუკავა იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციაში დაკითხეს

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაკითხეს. საქმე თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ, კუკავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერის მტკიცებით, ამ მიზნით, 6 000 ყალბი პირადობის მოწმობა დამზადდა.

იუსტიციის სამინიტროს გენერალური ინსპექცია კახა კუკავას განცხადებაზე გამოძიების დაწყებას არ გეგმავს. უწყების განცხადებით, მერობის კანდიდატმა მისი განცხადების დამადასტურებელი ვერცერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მოიყვანა. 

"იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დღეს გამოკითხა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, რომელმაც მედიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ შესაძლო დანაშაულის შესახებ განაცხადა. კერძოდ, მისი თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია გაყალბებული პირადობის მოწმობების შესახებ. ვინაიდან პირადობის მოწმობების გაცემა იუსტიციის სამინისტროს სისტემის კომპეტენციაა, ბატონი კუკავას ამ განცხადების შემდეგ, იუსტიციის მინისტრისგან მივიღეთ დავალება, გაგვერკვია რა ინფორმაციას ფლობდა იგი პირადობის მოწმობების გაყალბების შესახებ.
გამოკითხვისას ბ-ნმა კუკავამ ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული გვარი, რომელზეც შეიძლებოდა ყოფილიყო ყალბი მოწმობა გაცემული და ვერც ერთი კონკრეტული გაყალბებული პირადობის მოწმობის შესახებ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. მისი ახსნა-განმარტებები მთლიანად ემყარებოდა ვარაუდებსა და შესაძლო სცენარებს. ეს ვარაუდები გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო სისტემაში, მათ შორის იუსტიციის სისტემაში იბეჭდებოდეს გაყალბებული პირადობის მოწმობები, ბ-მა კუკავამ ვერ მიუთითა გაყალბებულ პირადობებზე ან გამყალბებელ პირებზე. შესაბამისად, არ არსებობს იუსტიციის სამინისტროს სისტემის რომელიმე თანამშრომლის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი”, - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

კომენტარები